კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი

კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი

გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას და მართავს მინისტრებს, ეს არის დიდი ტყუილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "იმედის დრო" სტუმრობისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე დასმულ შეკითხვას, თუ რა გავლენა აქვს მას დღეს ქართულ პოლიტიკაში და იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განმსაზღვრელი იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერად კახა კალაძე გაიმარჯვებს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ ერევა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს გამოიხატება მხოლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს.

"ის იყო პრემიერ-მინისტრი, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა საკუთარი ნებით და ჩამოშორებოდა პოლიტიკას. ახლა გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ის მართავს ხელისუფლებას, მართავს მინისტრებს, რაც არის დიდი ტყუილი.

ბატონი ბიძინას მხარდაჭერა, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კონკრეტულ პროექტებში დახმარებას ვგულისხმობ. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც სააკაშვილი ამაყად გვეუბნებოდა იგივე პატრულთან დაკავშირებით. ავტომობილები მაშინ ბიძინას მხარდაჭერით შეიძინეს. ასე რომ, ამ ადამიანის თანადგომა მნიშვნელოვანია, ის არის ერთ-ერთი პირველი გულანთებული მხარდამჭერი "ქართული ოცნების" და რა თქმა უნდა მას აქვს მოტივაცია და სურვილი, რომ წარმატებული იყოს ხელისუფლება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ სხვადასხვა მედიასაშუალებისგან, სადაც ვრცელდება გარკვეული დეზინფორმაციები ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით, თითქოს ის ავად არის და აშ. ეს არის დიდი ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ოპონენტების მედიასაშუალებები", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."