გიგი უგულავა ადასტურებს, რომ "ევროპული საქართველო" უმრავლესობას შერეული სისტემის ახალ მოდელს სთავაზობს

გიგი უგულავა ადასტურებს, რომ "ევროპული საქართველო" უმრავლესობას შერეული სისტემის ახალ მოდელს სთავაზობს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შერეული საარჩევნო სისტემის საკუთარ მოდელს სთავაზობენ.

როგორც უგულავამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ეს წინადადება უკეთესია იმ სისტემაზე, რაც არის დღეს.

"ეს წინადადება უკეთესია იმ სისტემაზე, რაც არის დღეს - ცალსახად უკეთესია, იმიტომ რომ 50 %-ის მაგივრად ეს არის 25 %-ის ქურდობა, მაგრამ ეს არის მაინც ქურდობა. ყველაზე სწორი მოდელი არის პროპორციული", - განაცხადა უგულავამ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უმცირესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეულ საარჩევნო სისტემას იმ პირობით შეიძლება დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, პროპორციულის კი გაიზრდება.

თავის მხრივ, უგულავამ "იმედთან" საუბარში აღიშნა, რომ გამორიცხულია კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში რაიმეს მისცენ ხმა და "ევროპულ საქართველოს" ხელიც რომ მოაჭრან, არ დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, მიწის თავისუფალი გაყიდვის აკრძალვას და სხვ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში, არის სრულიად მარტო, ესაუბრება თავის თავს და ცდილობს, ქანთარიასა და კობახიძეს შორის მიღწეული თანხმობა შემოგვასაღოს, როგორც რაღაც კონსენსუსი. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს ვუჭერთ მხარს, მეტიც, სულ რომ რაიმე თუნდაც პოზიტიურ ცვლილებაზე გადადგას ნაბიჯი, რისიც მე არ მჯერა, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან აქაც უმრავლესობამ გადაწყვიტა ხელის გადაგრეხვით იაროს. უმრავლესობა გვეუბნება, აი, თქვენ ერთი კონსტიტუცია და ერთი კენჭისყრით ან კი თქვით და ან არა. არადა, ამ კონსტიტუციაში უამრავი სხვა საკითხია. "ევროპულ საქართველოს" სულ რომ ხელი მოგვაჭრან, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას; სულ რომ ხელი მოგვაჭრან, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მიწის თავისუფალი გაყიდვის აკრძალვას; ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმ ქსენოფობიურ და რუსულ ნარატივში ჩამჯდარ ცვლილებებს, რომლითაც საზოგადოების ნაწილი კიდევ უფრო სტიგმატიზებული იქნება; ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ისეთ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესაძლებლობას ართმევს შემდეგი არჩევნებისთვის. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩაყაროს ერთ ქვაბში. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში გამორიცხულია, ერთიანი კენჭისყრის პირობებში ჩვენ რაიმეს მივცეთ ხმა", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება პროპორციული სიით გასულ დეპუტატებსა და მაჟორიტარებს შორის პროპორციის შეცვლას 2020 წლისთვის პროპორციულის სასარგებლოდ, უგულავა მიიჩნევს, რომ ეს უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არსებული სისტემა.

"შერეული სისტემა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, მოდიფიცირდა რამდენჯერმე. 2004 წელს 150-მდე შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ არა მაჟორიტარების. ამიტომ 2004 წლიდან ეს სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა. დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მაჟორიტარის ხვედრითი წილი არის გაზრდილი. ამიტომ ერთმანეთისგან ეს ორი სისტემა უნდა გაიყოს", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, "ასეთი უთავბოლო, ამაზრზენი და მატყუარა" არც ერთი უმრავლესობა არ ყოფილა, რომელმაც "გადააგდო" საზოგადოება, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაჰპირდა.

"ჩვენ დიალოგზე არასოდეს ვამბობთ უარს, ეს არის რაღაცაში კონსენსუსის პოვნის გამო. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, თუ ხელისუფლება წავა ამაზე და შეცვლის პროპორციას, მე, როგორ მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელიც ამ სისტემას იცნობს, ვიტყვი, რომ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღევანდელი, რადგან პროპორცია პროპროციულის სასარგებლოდ შეიცვლება, მაგრამ ეს არ არის კარგი, ეს კვლავ არის სისტემა, რომლითაც ხელისუფლება აპირებს მოიპაროს ხმები. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლება ამაზე წასვლასაც არ აპირებს და ეს უბრალოდ ჭიქაში ქარიშხალია", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."