გია ხუხაშვილი - ბუკიკიო "გადაგდებული" დარჩება

გია ხუხაშვილი - ბუკიკიო "გადაგდებული" დარჩება

კვირიკაშვილის მიერ ბუკიკიოსთვის მიცემული პირობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, უბრალოდ ჰაერის რხევაა და მეტი არაფერი ან არის მეორე ვერსია, რომ შეთანხმებულად მოატყუონ როგორც ხალხი, ასევე ბუკიკიო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც შეაფასა მმართველი გუნდის წევრების მიერ ერთი მხრივ, ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებისა და კონსენსუსის მიღწევის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული განცხადებები, მეორე მხრივ კი კომენტარები იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ პროექტში ძირეული ცვლილებები ვეღარ შევა.

ხუხაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვაქვს ერთგვარი ჩიხი.

"ხელისუფლების შტოები არა თუ ოპოზიციასთან ვერ პოულობენ კონსენსუსს, არამედ მათ თავის წიაღში ვერ უპოვიათ რაიმე შეთანხმება - შიგნით ვერ ლაგდებიან, არ არიან ერთ აზრზე, აბსოლუტურად დეზორგანიზებულია მმართველობითი სისტემა - ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრი არ არსებობს. პარლამენტში ფიქრობენ, რომ კვირიკაშვილს არავინ ეკითხება ამ საკითხს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთიანი მმართველობითი ვერტიკალის გარანტი და მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკასთან გარკვეული დისტანცირება გადაწყვიტა, პოლიტიკური პროცესები ქაოტურად მიმდინარეობს.

"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება, დღეის მდგომარეობით, არის ფრაგმენტირებული. ყველამ მოიზომა თავისი ბოსტანი და იქ გამოაცხადა ავტონომია. ერთიანი მმართველობითი ვერტიკალი არ არსებოს. ამის ერთადერთი გარანტი იყო ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკასთან გარკვეული დისტანცირება გააკეთა, სრული დეზორგანიზება და ქაოსი დაიწყო. აბსოლუტურად დაშლილი, კოროზირებული მმართველი სისტემა გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი თუ არ დაბრუნდა პრემიერ მინისტრის რანგში და თუ არ დაალაგა მმართველობითი ვერტიკალი, ეს ფრაგმენტირებული ხელისუფლება აჩენს იმის რისკებს, რომ ჩამოყალიბდება სახელმწიფოებრივი კრიზისი. დღეს, ფაქტობრივად, ქვეყანა არ იმართება, არ არსებობს ქვეყანაში ავტორიტეტი, რომლის სიტყვასაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის აქვს რაღაც ფასი. პრემიერი იღებს ვალდებულებას ბუკიკიოსთან, მაგრამ პარლამენტში ამბობენ, რომ პრემიერს არავინ ეკითხება. ბუკიკიოს თვალში ეს როგორ ჩანს? - ერთი მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩავიდა მასთან და უთხრა, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული კონსტიტუცია და რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გააკეთეს უკუღმა. ბუკიკიო შეშფოთდა, იფიქრა, რომ ამ ახალგაზრდა, მოუმწიფარ ადამიანს არ შეულია ამის დალაგება. ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში და მიმართა პრემიერ -მინისტრს, რომელიც შეპირდა, რომ კონსენსუსის ძიება გაგრძელდება. ბუკიკიო მეორედაც "გადაგდებული" დარჩება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს "ურთიერთგამომრიცხავს" უწოდებს და აღნიშნულს ორი ვერსიით ხსნის.

"აქ არის ორი ვარიანტი. ერთია, რომ პრემიერი შეპირდა ბუკიკიოს, რომ გაგრძელდება კონსენსუსის ძიება, რასაც არ ეთანხმება საპარლამენტო ფრთა, რომლისთვისაც გიორგი კვირიკაშვილი ლიდერი არ არის - ის მისთვის მხოლოდ ფასადურად არსებობს, არაფერს წყვეტს და არავინ არაფერს ეკითხება. ბუკიკიოს კი აქვს ილუზია, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. კვირიკაშვილის მიერ ბუკიკიოსთვის მიცემული პირობა უბრალოდ არის ჰაერის რხევაა და მეტი არაფერი. ან არის მეორე ვერსია, რომ შეთანხმებულად მოატყუონ როგორც ხალხი, ასევე ბუკიკიო. მე მაინც პირველი ვარიანტისკენ ვიხრები.

ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მმართველობის სისტემის სერიოზული კრიზისი, სადაც ადამიანის სტატუსი და თანამდებობა აბსოლუტურად არ შეესაბამება მის რეალურ კომპეტენციას ძალაუფლების ფლობის მხრივ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."