დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი პირველი საზრუნავი არის ჩვენი ახალგაზრდობა და ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშზე

დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი პირველი საზრუნავი არის ჩვენი ახალგაზრდობა და ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშზე

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დაგვჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი და დაგვჭირდება მთლიანად პარლამენტთან ამის შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

'

საკითხზე საუბრისას ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი საზრუნავი ამ საკითხში არის ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშზე.

"პირველი ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი ახალგაზრდობა და ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშზე. ყველანი ვართ სოლიდარულები, რომ ზღვარი უნდა აიწიოს 21 წლამდე. დღეს ზღვარი არის 18 წელი და უნდა აიწიოს 21–მდე. ეს ეხება კაზინოს, ასევე სათამაშო ბიზნესს და ასევე ნებისმიერ სხვას ამ მიმართულებით. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის სრულწლოვანი, მაგრამ ლუდომანიით არის დაავადებული, მისი ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ მისი შავ სიაში ჩასმა ისე, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა შემდგომი თამაშის; მესამე მიმართულება არის ამ ყველაფრის ადმინისტრირება და გადასახადების სწორი აკრება. ანუ, რა თქმა უნდა შეიძლება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ძალიან ბევრი მიმართულება ჩამოვთვალოთ, მაგრამ კონკრეტულ ზღვრამდე უნდა დავიყვანოთ", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში შექმნილია სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც სწორედ პასუხისმგებელია იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესის პოლიტიკა განსაზღვროს.

"ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური არის მარეგულირებელი ამ მიმართულებით, დამატებით ფინანსთა სამინისტროში, მას შემდეგ, რაც მოხდა რეორგანიზაცია, დამატებით შეიქმნა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც სწორედ პასუხისმგებელია იმაზე, რომ პოლიტიკა განსაზღვროს, რადგან ასეთი ორგანო არ არსებობდა. შემოსავლების სამსახური იყო ადმინისტრატორი, მაგრამ ადმინისტრატორი დაწერილი კანონების. ანუ ვის უნდა შეექმნა ახალი წესი, კანონი და ვის უნდა ეზრუნა ამ კანონის განვითარებაზე, ასეთი სტრუქტურა არ იყო. ასეთი სტრუქტურა ჩვენ შევქმენით დღეს და პრაქტიკულად პარალელურად დავწერეთ კანონის დრაფტი. ეს კი თავის მხრივ, კერძო სექტორთან ერთად დავწერეთ. მასზე არაერთი დებატი გაიმართა", – აღნიშნა პირველმა ვიცე–პრემიერმა.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, ფაქტობრივად 400%–ით არის გაზრდილი შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან და 108 მილიონი გროვდება.

"ამ მიმართულებითაც დღეს რაც გვაქვს დაწერილი, ზრუნვა მოსახლეობაზე, ზრუნვის მხრივ პასუხი გაგეცით, რომ ყველაფერი გაწერილია კანონში. იქ არის კიდევ იდენტიფიცირების პრობლემა, ფულის შეტანის და გამოტანის პრობლემა, რომელიც ასევე გადასაჭრელია და ა.შ. საბოლოო ჯამში მივდივართ გადასახადებამდე, ხოლო როცა აქამდე მივდივართ, აქ უკვე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც მოხდება როგორც ონლაინ, ისე არაონლაინ, მოხდეს უკვე შემოსავლების სამსახურის სერვერებზე, რასაც რა თქმა უნდა ინვესტიციები სჭირდება. თუმცა პირადად მეც და ჩემს გუნდსაც გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ამ ნაბიჯზე წავალთ. პრაქტიკულად ჩვენ გვექნება ერთის მხრივ ზრუნვა მოსახლეობაზე და იმაზე, რომ მოსახლეობა იქნება დაცული, როგორც მოზარდი, ასევე ზრდასრული და ასევე შევძლებთ საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას", – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას იმის შესახებ, რომ ონლაინ აზარტული თამაშები სრულად უნდა აიკრძალოს, ქუმსიშვილის მტკიცებით, მას მსგავსი განცხადებები არ მოუსმენია.

"მე არ მომისმენია ასეთი მოსაზრება, შეიძლება იყო გამოთქმული უმრავლესობისგან. რაც ეხება უცხოურ სერვერებზე წვდომას, ზოგადად ინტერნეტის ჩაკეტვა, მე ასეთი ტექნოლოგია არ ვიცი, რომ უცხოურ სერვერზე წვდომა აკრძალო, არ ვიცი, რა ინვესტიცია დაუჯდება ეს ქვეყანას, თუმცა ამ წუთში ამაზე საუბარი არ არის. მე არ მინდა ამ თემაში შესვლა, რადგან არ მომისმენია მოსაზრება, რომ ჩვენ მთლიანად უნდა ავკრძლოთ ეს ბიზნესი. ამოცანა არის ახალგაზრდებზე ზრუნვა, ზრუნვა ზრდასრულ მოსახლეობაზე და სწორი ადმინისტრირება", – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა აზარტულმა ბიზნესებმა იპოვეს სავარაუდო ლობისტები მთავრობაში, პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, "ლობისტების მოძებნა არ არის საჭირო, რადგან "ქართული ოცნების" მთავრობა ზრუნავს ბიზნესზე და ამას ლობისტების მოძებნა არ სჭირდება".

"ამ სექტორში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ამ ადამიანებმა არაფერი დააშავეს. სწორად უნდა დავსვათ აქცენტები. აქცენტები არის ჩვენი მოზარდების და მოქალაქეების დაცვა. ამიტომ უნდა შევქმნათ სისტემა, რომ ისინი დავიცვათ. რაც შეეხება ვადებს, მგონია, რომ საშემოდგომო სესიაზე კანონით გავალთ. მე რა დრაფტიც მაქვს ნანახი და რაც გავლილი მაქვს ჩემს გუნდთან, ამის შესაძლებლობას იძლევა. რა თქმა უნდა საჭირო იქნება პოლიტიკური კონსესუსი და დაგვჭირდება მთლიანად პარლამენტთან ამის შეთანხმება", – აღნიშნა ვიცე–პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."