რა კომენტარს აკეთებს ვანო ზარდიაშვილი მიხეილ ჩინჩალაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად რესტორანში გადაღებულ ფოტოებზე

რა კომენტარს აკეთებს ვანო ზარდიაშვილი მიხეილ ჩინჩალაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად რესტორანში გადაღებულ ფოტოებზე

"თუ შეხვედრა მინდა დახურულ კარს მიღმა, ამას რამენაირად მოვახერხებდი. როდესაც ღია ტერასაზე ხვდები და ვახშმობ შენს მეგობრობთან ერთად, იქ რაღაც კონფიდენციალურ და საიდუმლო სერობაზე ლაპარაკი არის აბსურდი", - აცხდაებს AMBEBI.GE-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი. ზარდიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე მისი მეგობრები არიან. მისივე თქმით, მათი შეხვედრა რესტორან "კოლხეთში" იყო მხოლოდ მეგობრული ხასიათის და არანაირ გავლენებზე ან სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე საუბარი არ ყოფილა.

"მე ვმუშაობდი სასამართლოში, თბილისის მერიაში, პროკურატურაში, ვიცნობ ყველას, ვხვდები ამ ხალხს, მაქვს ურთიერთობა და რაიმე ურთიერთკავშირზე ან ზეგავლენებზე საუბარი აბსურდია. ნიკა გვარამიას რატომღაც ავიწყდება, რომ როდესაც ის პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო, ძმები კოტე და პალიკო კუბლაშვილები ერთდროულად იყვნენ უზენაესი სასამართლოს და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეები, მას ავიწყდება, რომ მისი მეჯვარე როდესაც იხილავდა მის საქმეს, ეს აცილების საფუძველი არ გამხდარა, მისი ჯგუფელი და უახლოესი მეგობარი ერემაძე რომ იხილავდა მის საქმეს, ესეც არ გახდა აცილების საფუძველი. შესაბამისად, სრული აბსურდის თეატრია ეს და "რუსთავი 2" გახდა ყვითელი პრესა", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთ ღია ადგილზე შეხვედრა გამორიცხავს, რომ ეს იყო საიდუმლო შეხვედრა.

"შეხვედრა შედგა რესტორან "კოლხეთში", ღია ტერასაზე, სადაც 600-მდე ჩვენი თანამოქალაქე იმყოფებოდა. გვერდზე მაგიდასთან იჯდა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც შესვლისთანავე მივესალმეთ. ასეთ ღია ადგილზე და მარიამ გაფრინდაშვილის თანდასწრებით შეხვედრა გამორიცხავს, რომ ეს იყო საიდუმლო შეხვედრა. ვიცნობ ამ ხალხს და ვმეგობრობ. ქართული საზოგადოება ხელფასს იმაში მიხდის, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე ვიმუშავო არამარტო სასამართლოსთან, არამედ ყველა სამინისტროსთან და ყველა საჯარო სამსახურთან მიმართებაში. "რუსთავი 2" კადრულობს უკადრებელს, როდესაც ვითომ ფარულ შეხვედრებზე საუბრობს. ეს ყველაფერი ყვითელ პრესაშიც აღარ ჯდება და "ჭორნიუსად" იქცნენ და ეს არის პირდაპირ ნიკა გვარამიას დამსახურება", - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"რაც შეეხება იმას თუ რაზე ვსაუბრობთ, ამას აფინანსებს ევროკავშირი. კერძოდ, ზეგ გაიმართება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც, პარლამენტის წევრები, იუსტიციის მინისტრი და ამ თემებზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ, რომ უნდა გვყავდეს სუფთა, თავისუფალი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ა.შ. ანუ აქ არაფერ საიდუმლოზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ნიკა გვარამიას მონათხრობი და მონაჭორი, დაამსგავსა ყვითელ პრესას. ამ შემადგენლობით ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც, კონფერენციებზეც, დონორებთან ერთად, ევროკავშირთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობით და ნიკა გვარამიას ჩაეშალა ყვითელი ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი სპეკულაციებით აწყობილი სიუჟეტი. რახან მე დეპუტატად ამირჩია ქართულმა საზოგადოებამ, არ ნიშნავს, რომ მეგობრობზე და ნათლულებზე და სახელმწიფოსთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა ვთქვა უარი. პირიქით, ეს ურთიერთობები ღია და უფრო ტრანსფარენტულია ყველა სახელმწიფო უწყებასთან. არსებობს მთელი რიგი გამოწვევები ყველა უწყებაში, შესაბამისად ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. არანაირ გავლენებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. დღევანდელი ხელისუფლების ნებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი, თუმცა ამას ვერ ეგუება ნიკა გვარამია. მე უბრალოდ ვიჯექი ჩემს მეგობრებთან და ვვახშმობდი. სანამ ასეთ უხარისხო ფოტოებს გადაიღებს ნიკა გვარამია, მინდა ვთქვა, რომ ვიცნობ ძალიან ბევრ პროკურორს, ძალიან ბევრ ადვოკატს, ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოსამართლეებს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ვიცნობ უბრალოდ თანამოქალაქეებს. ჩვენ ვართ ყველა ერთი თაობის იურისტები, შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა არის გარდაუვალი, ქმნის სახელმწიფოებრივ ხედვას და ასე ვითარდება სახელწმიფო", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

შეგახსნებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ერთ-ერთ რესტორანში ერთ მაგიდასთან არიან აღბეჭდილნი ვანო ზარდიაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."