რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობამ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს

რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობამ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს

მასწავლებლობა გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში კრიმინალი არ არის. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა უნდა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა სკოლა-ლიცეუმ "სხივში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს ციხეში მოინახულა. მან მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას, ვინაიდან, მისი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალიან კარგად ეპყრობიან.

"ვფიქრობ, არავინ იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში. მე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. თურქეთშიც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, სულ არ არის კრიმინალი იყო ჟურნალისტი; სულ არ არის კრიმინალი, იყო ოპოზიციონერი დეპუტატი; ასევე, არ არის კრიმინალი, იყო მასწავლებელი საქართველოში. მე ვცდილობ დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არ არის დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან", - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც თურქული მხარის მიერ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."