სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ მიუმართავს.

„რა მოხდება თუ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მიმართავს მას? მზად ხართ უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის მოქალაქის გადაცემა განიხილოთ? ბატონო პრეზიდენტო, შეცვალეთ იურიდიულ საკითხებში თქვენი მრჩევლები“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ უკრაინის პრეზიდენტის დასახვედრად საქართველოს მთავრობამ განათლების მინისტრი გააგზავნა.

„ჩემი პრეზიდენტობისას ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ არ დავხვედროდი და არ გამეცილებინა აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ამ არაფრის მაქნისმა მთავრობამ კი პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გააგზავნა. მე, როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს არ მომწონს, როდესაც ასე ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის დამცირებას“, - დასძინა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ, თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით კი, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა. ”გადავამოწმე, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია”, - აღნიშნა პოროშენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."