წულუკიანის მორიგი ფიასკო - "იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა"

წულუკიანის მორიგი ფიასკო - "იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა"

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამკაციანი სიის წარსადგენად ქვეყნის შიგნით დღეს კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია, რაც შეეხება კიდევ ორ კანდიდატს - სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატთა სია სამი პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი - შოთა გეწაძის და სოფიო ჯაფარიძის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება და მსურველებს საბუთების შეტანისთვის ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.

წულუკიანის უწყების მორიგ მარცხს, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ექსპერტებსა და ოპოზიციურ პარტიებში.

"რაც მოხდა ნიშნავს იმას, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა. იუსტიციის სამინისტრომ სამწუხაროდ ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას, რომლის თანახმად, სამი კანდიდატიდან მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნიეს სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ინგრევს საკუთარ იმიჯს დასავლური სტრუქტურების თვალში.

"იუსტიციის სამინისტრომ ვერ მოისვენა, სანამ სტრასბურგის სასამართლოსა და ზოგადად ევროსტრუქტურების თვალში დიაგნოზი არ დაუსვა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც არაპროფესიონალთა თავყრილობას. სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას და არამარტო სასამართლო შტოს, არამედ აღმასრულებელსაც (იმიტომ რომ აღმასრულებლის აქტიური მონაწილეობით ხდებოდა ამ კანდიდატურების შერჩევა) დაუსვა არაპროფესიონალიზმისა და არაპროფესიონალთა თავყრილობის დიაგნოზი. მეტი რა უნდა გაუკეთოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას? ეს არის ახლომხედველობის და არაშორსმჭვრეტელობის კლასიკური ნიმუში და იმის ნიმუში, როგორ ინგრევს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ იმიჯს დასავლური სტრუქტურების თვალში.

დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი გამჭოლი ნიშანია ეძებოს მორჩილები, არაპროფესიონალები, ერთგულები. ამ გზით მიდიოდა მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის დროსაც. ეძებდა არა პროფესიონალებს, არამედ მორჩილებს და ერთგულებს, შედეგად მიიღო ის რაც მიიღო, იმიტომ რომ ევროსტრუქტურები და ევროსასამართლო არ არის იმ მონგრეულ პრინციპებზე აგებული, როგორზეც საქართველოს ხელისუფლება აგებს თავის პოლიტიკას. იქ ამოსავალი პრინციპი არის პროფესიონალიზმი და არა მონობა. ამიტომაც გაუგებარია ევროსტრუქტურებისთვის და ევროსასამართლოსთვის საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურები, ისინი სრულიად სხვა კრიტერიუმებით აფასებენ, სხვადასხვა სიბრტყეშია ეს ყველაფერი" - ამბობს ლაგაზიძე.

იურისტ დავით ჯანდიერის თქმით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ, "კომისია ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, მისი სურვილი არ არის შეარჩიოს კონკურენტუნარიანი კანდიდატები".

"კომისიის წევრები ერთსა და იმავე ქულას უწერენ კანდიდატებს, გასაუბრების დროს, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი არიან მიუკერძოებლები. უბრალოდ, სამწუხარო არის ის რომ, ეს მეორედ ხდება და ასეთ დამოკიდებულებას ეწირება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია, იმიტომ რომ ხშირი არ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ქვეყანას უკან უბრუნებენ სიას. ეს არის წარუმატებელი პროცესი უკვე მეორედ საქართველოსთვის. მე ვერ გეტყვით, რამდენად გაითვალისწინებენ შექმნილ მდგომარეობას კომისიის წევრები, ჯერ ერთი კომისია ხელახლა უნდა შეიკრიბოს, იმიტომ რომ პირველმა შედეგებმაც აჩვენა რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის კრახი, რომელიც სტრასბურგში განიცადა საქართველოს ხელისუფლებამ სიის არაკეთილსინდისიერად შედგენის გამო.

როგორც ჩანს, ეს არის შეხმატკბილებული მოქმედება მთავრობის სხვადასხვა აქტორს შორის, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლების დანარჩენ წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი არის წინასწარ შერჩეული კანდიდატების გაყვანა, სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მუდმივად შეუძლებელია ერთი და იგივე ტექსტით ხდებოდეს კანდიდატების დაწუნება. რა გახდა სამი ისეთი იურისტის მოძებნა ამ ქვეყანაში, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას?!" - ამბობს დავით ჯანდიერი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს ვერ პასუხობს.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, მეორედ ხდება, რომ საქართველო ფორმალური კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც კი, ევროსასამართლოში აგზავნის შეუფერებელ კანდიდატებს.

"მთელი პროცესი, რომელიც ჩაატარა მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ, აღსავსე იყო მაქინაციებით იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვედრილიყვნენ იმ სამეულში, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში. თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების სია, რომელთა მიერ წარგზავნილი სიის უარყოფა ხდება მთლიანად და იცით, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად, იანვარში მოხდა მთლიანი სიის უარყოფა და დაწუნება, რომელიც გაიგზავნა სასამართლოდან", - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე შეფასებით, ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ახალ კონკურსს აცხადებს, რის ვალდებულებასაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს, რომ წულუკიანი აღიარებს, რომ მთლიანი პროცესი, რაც წარმართა, არის დისკრედიტებული.

"ასეთ ფონზე, იმ სირცხვილის და სკანდალის ფონზე, რაც უკვე მეორედ მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იგი იქნებოდა გადამდგარი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ მთავრობა მთლიანად არის ჩართული ამ მანიპულაციაში იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ გავიდნენ", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის, სალომე სამადაშვილის თქმით, "თეა წულუკიანი ცდილობს აიძულოს ევროპული მხარე, მისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნონ და ამ პროცესში უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯსა და ევროპულ პერსპექტივას".

"მეორედ ჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს და ფაქტობრივად, ვერ პასუხობს ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს. ეს არის ნეპოტისტური და პოლიტიზირებული პროცესის შედეგი, რომელმაც შერჩევის პროცესი და კონკურსი ფარსად აქცია... ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპის საბჭოს მოთხოვნების შესრულებას, რასაც საქართველო სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კვლავ ვერ ახერხებს", - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1-ელ მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ - სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია: ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."