დავით ჯანდიერი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რითაც მიხეილ სააკაშვილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება შეუძლია

დავით ჯანდიერი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რითაც მიხეილ სააკაშვილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება შეუძლია

ის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ეს ნიშნავს, რომ ის არ იმყოფება არცერთი ქვეყნის მფარველობის ქვეშ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა დავით ჯანდიერმა განუცხადა.

ჯანდიერის განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მილიონ ადამიანს არ აქვს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა და ასეთი პირები იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, სადაც ისინი ცხოვრობენ.

დავით ჯანდიერი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რითაც მიხეილ სააკაშვილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება შეუძლია.

„მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მილიონი ადამიანია, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, ეს წარმოშობს სირთულეებს სხვადასხვა სფეროში გარკვეული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით. მათ შორის, ეს შეიძლება იყოს სამგზავრო დოკუმენტთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემა. ასეთ შემთხვევაში აპატრიდი პირი ანუ პირი, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა, მიმართავს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიაზეც ის ცხოვრობს იმისათვის, რომ პირადობის სერთიფიკატი იქნეს მისთვის გაცემული, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას ემოგზაურა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი ქვეყანა არის უკრაინა, სადაც ის ცხოვრობს. აპატრიდი პირების სტატუსის შესახებ გაერო-ს კონვენცია 1954 წელს მიიღეს.

გარდა ამისა, ბუნებრივია, მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ ქვეყანას, თუ ის აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს და მოითხოვოს მოქალაქეობა. ასევე, თუ მიაჩნია, რომ ის იდევნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან, შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი“, - განაცხადა ჯანდიერმა.

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე განკარგულება გუშინ გამოსცა. მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს ასევე, საქართველოს მოქალაქეობა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."