გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან

გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირი მეუღლესთან, კარენ პენსთან ერთად გუშინ, 31 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა მეუღლემ მაია (მაკა) ცინაძემ, მაიკ და კარენ პენსებს ფუნიკულორზე, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს, ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.

მისასალმებელ სიტყვაში გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელი და ქართველი ხალხის საერთო ინტერესებზე ისაუბრა და მისი აშშ-ში სწავლის პერიოდიც გაიხსენა:

"ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს. როგორც აშშ დგას მარად ჩვენ გვერდით, ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად.

მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე. ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა… ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა, რომ ის რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პარტნიორობასა და მეგობრობას:

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება...

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის. კერძები, სიმღერა, ცეკვა, უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის.

ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის.

როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა მაიკ პენსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."