ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში "ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახა შარტავას განცხადებას დესტრუქციულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის
ოპოზიციის დაქსაქსვისკენ არის მიმართული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ განუცხადა, მსგავსი განცხადებების კეთება არის მანკიერი მიდგომა და პირველ რიგში, საზიანო იმისთვის, ვინც აკეთებს ამ განცხადებას.
"ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმოქმედებთ კონსტრუქციულად, არავის ვაკრიტიკებთ და ყველას ხალხის ინტერესების დასაცავად გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ. მიმაჩნია, როცა საქმე ეხება ხალხს, საკუთარი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ", - განაცხადა მამრაძემ.
"ეროვნული ფორუმი" ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციასთან, კონსულტაციებს იწყებს, გარდა ზურაბ ნოღაიდელის პარტიისა.