გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ ცუდბიჭობაზე მოაწერა ხელი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ ცუდბიჭობაზე მოაწერა ხელი

ხელისუფლებამ ცუდბიჭობაზე მოაწერა ხელი, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საშემოდგომო სესიაზე, ოპოზიციასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დამტკიცებას ითვალისწინებს.

ხუხაშვილის თქმით, უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება კანონზომიერია, რადგან კონსენსუსის მოსურნე პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ორი მოსმენით არ მიიღებდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თავდაპირველად სურვილი ჰქონდა სახე შეენარჩუნებინა, თუმცა ეს არ გამოუვიდა და ბანალური, პრაგმატული ამოცანების ამარა დარჩა.

"თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება ეძებდა ფორმულას, როდესაც, ერთი მხრივ, თავის პოლიტიკურ ამოცანას შეასრულებდა, მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნებდა სახეს. ასევე, ოპოზიციაში ეძებდა განხეთქილებას, ბზარის შეტანის შესაძლებლობას და ე.წ. ფასადური დემოკრატიული პროცესის ინსცენირებას ცდილობდა. რადგანაც არ გამოვიდა, ამ თამაშს თავი დაანებეს - ინფანტილურ სურვილებს, თან კარგი ბიჭი იყოს და თან ვიწროპარტიული ინტერესებიდან წერონ კონსტიტუცია. ანუ ცუდ ბიჭობაზე მოაწერეს ხელი, რაც მოსალოდნელი იყო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო.

მისივე თქმით, საქართველო არ არის სირია, რათა ნეიტრალურ მოედანზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ასეთი რამ მხოლოდ სამოქალაქო ომის პირობებში ხდება, საბედნიეროდ, კი საქართველოში სამოქალაქო ომი არ არის.

"საკითხი თავიდანვე ძალიან მარტივად იყო. არსებობს ქვეყანაში აუცილებლობა ინსტიტუციური და პოლიტიკური ბალანსების შენარჩუნების. ხელისუფლებამ ამ ორივე ბალანსსზე უარი თქვა და ფაქტობრივად შექმნა საფუძველი ძალაუფლების უზურპაციის. ანუ, ინსტიტუციურ ბალანსზე - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე, თქვა უარი და პროპორციული წესით არჩევნების ინიცირებაზეც, რომლითაც მულტიპარტიული დემოკრატიის განვითარება უნდა მომხდარიყო, პოლიტიკური ბალანსის შექმნის საშუალებაზეც უარი თქვა. ამით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მე არ მჭირდება დემოკრატიული ბალანსები. მე ვფლობ უმაღლეს ჭეშმარიტებას, მე მინდა მუდმივად ვიყო ხელისუფლებაში, ამიტომ კონსტიტუციას საკუთარ თავზე მოვირგებ. სიახლეა ეს საქართველოსთვის? - არ არის სიახლე! უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ასე იქცეოდა - ირგებდა თავის თავზე კონსტიტუციას, მაგრამ ამთავრებდა შესაბამისად. ეს თამაში სახელმწიფოსთან და საკუთარი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენება, არავისთვის კარგად არ დამთავრებულა. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებისთვის დამთავრდება. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.

სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."