პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერება, განსაკუთრებით სოციალური და ეკონომიკური უფლებების კუთხით, სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვა და თანასწორობის უზრუნველყოფა - კომიტეტის სამოქმედო გეგმით დასახული ძირითადი მიმართულებებია.

სტრატეგიული დოკუმენტების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" მხარდაჭერით შედგა.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა.

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც იქნება კომიტეტის მთავარი სახელმძღვანელო უახლოესი წლების მანძილზე. მაქსიმალურად შევეცადეთ მიგვეღო დახვეწილი, რეალისტური და სრულყოფილი დოკუმენტი, რისთვისაც ჩვენ სამუშაო ფორმატში არაერთი შეხვედრა მოვაწყვეთ სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, გავითვალისწინეთ და ავსახეთ მათი რეკომენდაციები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში. აქვე დავძენ, რომ პირადად მე, ჩემი კომიტეტის წევრებთან ერთად ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახული თითოეული მიმართულება ბოლომდე იყოს შესრულებული, ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში იყოს კანონით დაცული და გარანტირებული" - განაცხადა სოფო კილაძემ.

"ადამიანის უფლებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ძირითადი ბირთვია. პარლამენტი და კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ჩარჩოთი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად. კომიტეტი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ მივესალმებით, რომ ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ამ პრიორიტეტებს, როგორც კომიტეტის ძირითად პრინციპსა და ხედვას" - განაცხადა დოროტა დლოუხი-სულიგამ.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი სამოქმედო გეგმა ქმნის საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების უზრუნველყოფის საფუძველს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმცირესობების, ქალებისა და ბავშვების უფლებებს. "ეს კარგად ასახავს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნებსა და რეკომენდაციებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ორგანოებიდან და ვრცელდება მის ყოველ მოქალაქეზე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმა პარლამენტსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ეროვნულ პარტნიორებს შორის კონსულტაციების პროცესის შედეგია, რაც გვაძლევს რწმენას, რომ დასახული, ამბიციური მიზნები მთლიანად განხორციელდება ქართულ რეალობაში".

პრეზენტაციას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც ისაუბრა კომიტეტის სტრატეგიისა და გეგმის პრიორიტეტების შესახებ. მან ასევე გამოყო კომიტეტის მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბავშვის უფლებათა კოდექსი, სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა, დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის უფრო ფართო ინიციატივის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ერთ-ერთი მიმართულებაა. სამ წლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."