გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო

გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოროშენკომ ჩვენი ხელისუფლება ნეგატიური შედეგების მქონე კომბინაციაში ხელის შესახოცად გამოიყენა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ამასთან, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში დღის წესრიგს კვლავ მიხეილ სააკაშვილი ქმნის და მისი ოპონენტები უფრო რეაგირების რეჟიმში არიან.

"შესაძლოა სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყველა შეხედავს მოვლენათა განვითარებას და უკრაინის ხელისუფლება ისე იმოქმედებს, რასაც მოვლენების ლოგიკა აჩვენებს. ჯერჯერობით ერთ კონკრეტულ სცენარზე საუბარი რთულია. ვითარება უკრაინის ხელისუფლებისთვის საკმაოდ პრობლემატურია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ამ გაუგებრობასა და მარაზმში, რომელიც მხოლოდ სააკაშვილს აქვს გათვლილი და მისი ოპონენტები უფრო რეაგირების რეჟიმში არიან, დღის წესრიგს ისევ სააკაშვილი ქმნის. ამ გაუგებრობაში საქართველოს ხელისუფლება ძალიან უაზროდ არის გაკვეტებული. უკრაინის ხელისუფლება თუ იმოქმედებს, შეეცდება რომ ჩვენ შეგვახოცოს ხელი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ჩვენებს ისე ღრმად აქვთ შეტოპილი და ისეთი ვალდებულებები აქვთ აღებული, რომ მოუწევთ მინიმუმ ნახევარი პასუხისმგებლობის აღება შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე. რაში სჭირდებოდათ ამ მარაზმში შეკვეტება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ფაქტობრივად, პოროშენკომ ჩვენი ხელისუფლება გამოიყენა საკმაოდ საეჭვო და ნეგატიური შედეგების მქონე კომბინაციაში ხელის შესახოცად და როგორც დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგება, ამ ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციაში ამოყო თავი მოქმედ პირად, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ იყო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა სააკაშვილის ექსტრადირების თემის გააქტიურება არჩევნებს უკავშირდებოდეს, "ვიწრო გაგებაა".

"ხელისუფლება შემთხვევით აღმოჩნდა ძალიან დიდ შარში. ახლა უკვე ფაქტობრივად, პოროშენკოს აქვს მექანიზმი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეახოცოს ამ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში. მე ეს არ მიკვირს, რადგან მრავალწლიანი პოლიტიკური გათვლების უნარები ჩვენს ხელისუფლებაში რომ არ არსებობდა ვიცოდი, მაგრამ სწორ ადგილზე რომ პრობლემა გაიჩალიჩო, ამას ძალიან დიდი სიბრიყვე სჭირდება, რაც, როგორც ჩანს, დამახასიათებელია ჩვენთვის. პოროშენკო ჩამოვიდა, შეიტყუა ჩვენი ხელისუფლება ხაფანგში და თავისი ემოციური, აბსოლუტურად ადამიანური და პოლიტიკურად აბსოლუტურად ბრიყვულ ხაფანგში შეყვეს თავი. პოროშენკომ ყველის სახით ჩაუდო სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ხაფანგში და ამას ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად წამოეგო", - აღნიშნა ექსპერტმა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საზღვართან აუცილებლად მივა, თუმცა ამის შემდეგ რა პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ჯერჯერობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეჩერებული აქვს, თუმცა ის ქვეყანაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს. ამასთან, საქართველო სააკაშვილის დაკავებას და სამშობლოში მის ექსტრადირებას ითხოვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."