პარლამენტარების კავშირი ბიზნესთან - რა პასუხი აქვთ დეპუტატებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე

პარლამენტარების კავშირი ბიზნესთან - რა პასუხი აქვთ დეპუტატებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე

მე მაქვს ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსებისას ხაზებს ვავლებ ხოლმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით არადეკლარირებულ აქტივებს ფლობს.

"არსად არანაირი კერძო საკუთრება არ მიფიქსირდება, არ ვფლობ ავტომობილს, არა მაქვს არანაირი ანაბარი და დანაზოგი. ხანდახან შეიძლება ხელფასიდან გადადებული 5 000 ან 6 000 ლარი შემიგროვდეს, რომელიც მალევე ქრება. არც სამეწარმეო საქმიანობა გამაჩნია, არანაირ კომერციულ სტრუქტურაში წილი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რას ეფუძნება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაცია. თუკი რაიმეს იპოვიან და მართლა გამიჩნდება ქონება, უარზე არ ვარ", - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციას მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ ადასტურებს.

მდინარაძის თქმით, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მსგავს კვლევას აქვეყნებს, მეტი პროფესიონალიზმი მართებს.

"არ მინდა ვინმეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა დავაბრალო. კვლევაში ჩემი გვარიც არის ნახსენები, თუმცა იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? მგონია, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არასწორი ინფორმაციების თუ ფაქტების დამახინჯებით მიწოდებას", - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი "საქართველოს პატრიოტებიდან": ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."