7 დაპირება, რომელიც დავით ნარმანიამ მერობის დროს ვერ შეასრულა

7 დაპირება, რომელიც დავით ნარმანიამ მერობის დროს ვერ შეასრულა

"შეუსრულებელი დაპირება ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში არ იქნება", - ეს განცხადება 2014 წლის 5 მაისს დავით ნარმანიამ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, მოგვიანებით კი განმარტა, დედაქალაქის 41 პრობლემის გადაჭრის 41 ამოცანა შევიმუშავეო და სამოქმედო პროგრამაში ეკოლოგია, ინფრასტრუქტურა და ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნა მთავარ მიმართულებებად დაასახელა.

მერობის 3-წლიანი ვადის ამოწურვამდე შეგახსენებთ 7 მთავარ დაპირებას, რომლის შესრულებაც დავით ნარმანიამ ვერ შეძლო:

თბილისის ცენტრალური პარკი

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიისას დავით ნარმანიამ ეკოლოგიური მიმართულებით რამდენიმე დაპირება გასცა - მაგალითად, მაშინ თბილისის მერობის კანდიდატმა არასამთავრობო ორგანიზაციებს "მზიურისა" და ზოოპარკის ერთიან სივრცედ გარდაქმნის პროექტი გააცნო და განაცხადა, რომ "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდებოდა, ამ ტერიტორიის მოსაზღვრე საავტომობილო გზის მონაკვეთის გასწვრივ, ორივე მხრიდან კი 5 მეტრის სიმაღლის გეოპლასტიკური დამცავი კედელი უნდა აშენებულიყო, რომელიც გზაზე ავტომობილების მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს დაახშობდა. თუმცა გახსოვდეთ, ზოოპარკისა თუ "მზიურის" ტერიტორიაზე თბილისის ახალი ცენტრალური პარკი როგორ გულმოდგინედაც არ უნდა ეძებოთ, მისი პოვნის შანსი ნულზე დაბალი გაქვთ.

მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად მოწყობა

მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღესთან დაკავშირებით, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა 2014 წლის 2 ივნისს წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მტკვრის დასუფთავების გეგმას ითვალისწინებდა.

"მდინარე მტკვარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, მდინარე მტკვარი გაიწმინდება ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციისგან, თბილისის შესასვლელ ნაწილში გაკეთდება ნაგავდამჭერი სპეციალური მოწყობილობა, რათა ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე არ შემოვიდეს. სანაპიროზე მოეწყობა მწვანე საფარი და საველოსიპედო ბილიკი. იგეგმება გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების მოწყობა. მდინარე მტკვარი და მისი სანაპირო რეკრეაციულ ზონად უნდა ვაქციოთ, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის განვითარებისთვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით", - გვპირდებოდა დავით ნარმანია.

თუმცა მტკვარმა დიდი ხანია დაკარგა ის სოციალური და კულტურული ღირებულება, რასაც წინა საუკუნეებში ქალაქის ცხოვრებაში ასრულებდა და არაფერი აკავშირებს არც იმ მდინარეებთან, რომელთაც, განვითარებულ ქვეყნებში, რეკრეაციული ფუნქციების გარდა, დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს - ფუჭი დაპირებების მიღმა, მტკვრის მშველელიც ჯერ არავინ გამოჩნდა.

საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი

დავით ნარმანია დედაქალაქის მერიაში მისვლისთანავე თბილისელებს საცობების განტვირთვას დაპირდა და შესაბამისი სტრატეგიით პროექტიც კი წარადგინა - "ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის". პროექტი გულისხმობდა შემდეგ ცვლილებებს: პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებასა და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას; ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას; თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას; თამარ მეფის ხიდთან გზის გაგანიერებას გვირაბის მეშვეობით; მტკვრის სანაპიროების ტრანსპორტის ცალმხრივად მოძრაობის ორგანიზებისათვის დამატებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობასა და სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას.

"პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე გახდება შესაძლებელი" - ამბობდა ნარმანია, თუმცა თუ ბოლო დროს, პიკის საათებში, ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. მართალია, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა მართლაც აღდგა, თუმცა საცობების პრობლემა დედაქალაქში კიდევ უფრო გამწვავდა.

"სითი პარკი"

ეს ის თემაა, რომელსაც დავით ნარმანიას ოპონენტებიც და მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ახსენებდნენ და ალბათ მის შემცვლელსაც გაახსენებენ, თუ დროულად არ გადაიჭრება.

"სითი პარკი" ფულს აკეთებს და მეტს არაფერს, ეს კომპანია თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდება - კაბალური ხელშეკრულებაა, ამიტომ ჩვენ "სი თი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასეთივე ფორმით გაგრძელდება, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ იმას, რაც ქალაქს სჭირდება" - ეს განცხადება დავით ნარმანიამ 2014 წელს გააჟღერა, თუმცა დედაქალაქის მერის პოსტს სამი წლის თავზე ისე ტოვებს, რომ 2007 წელს კომპანიისთვის მინიჭებული პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 2024 წლამდე უცვლელად ძალაშია და მისი ჩანაცვლება, დაპირებისამებრ, ნარმანიამ ვერ შეძლო. თვითმმართველობის არჩევნები კი კარზეა მომდგარი და ამჯერად, "სითი პარკის" "თავნებობის აღკვეთაზე" დაპირებებს თბილისის მერობის ახალი კანდიდატებისგან ვისმენთ.

მილიონი ხე

"მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, აქ გულგრილობა დაუშვებელია. თბილისი წლების განმავლობაში კატასტროფული რაოდენობის პარკების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების, სკვერების, დაქვემდებარებული ტყეების განადგურების ტერიტორიად და ადგილად იქცა, ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ ერთ მილიონამდე ხეს. არც ერთ სამშენებლო პროექტს მერია არ დაამტკიცებს, თუ მასში გამწვანებისა და პარკირების კომპონენტი არ იქნება გათვალისწინებული" - ამბობდა დავით ნარმანია საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, თუმცა ხეების დასარგავად კომპანიებთან დადებულ საეჭვო ხელშეკრულებებსა და გამხმარი ნარგავების რაოდენობას თავი რომ დავანებოთ, სულ ცოტა ხნის წინ, თავადვე განაცხადა, რომ თბილისში 2014 წლიდან დღემდე 650 ათასამდე ხე-მცენარე დაირგო.

რკინიგზის ხაზის პერიფერიულ ნაწილში გადატანა

დედაქალაქის განტვირთვის მიზნით, დავით ნარმანია თბილისელებს რკინიგზის ხაზის ქალაქის პერიფერიულ ნაწილში გადატანასაც დაპირდა: "რკინიგზის ხაზის გადატანა აუცილებელია, რითაც გამოთავისუფლდება კომერციული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცე ქალაქის ცენტრალურ უბნებში" - აცხადებდა თბილისის მერობის კანდიდატი.

რკინიგზის ხაზი ისევ იმავე ადგილზეა განთავსებული და მართალია, დედაქალაქის გენგეგმაში პროექტის განხორციელება გათვალისწინებულია, თუმცა გაურკვეველ ვადებში.

"ლილოს" ნაგავსაყრელი

2014 წელს "ოცნების" მერობის კანდიდატი სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" თანამშრომლებს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასა და ბაზრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაპირდა. "ლილოს ნაგავსაყრელი დროთა განმავლობაში დასახურია, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც ნაგავსაყრელი უნდა აკმაყოფილებდეს. ის არის მოსახლეობასთან საკმაოდ ახლოს და ქმნის დისკომფორტს და ჯანმრთელობისთვის არის საშიში. გარდა ამისა, აეროპორტთან არის ახლოს და "იკაოს" წესების საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროთა განმავლობაში დავხურავთ ლილოს ნაგავსაყრელს",- ეს განცხადება კი არჩევნებში გამარჯვებიდან ორი თვის თავზე გაიმეორა, თუმცა ნაგავსაყრელი დღესაც იგივე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და ლილოს მოსახლეობა ისევ ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."