გიგა ბოკერია - დააბრუნეთ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს

გიგა ბოკერია - დააბრუნეთ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს

ვინმე თუ ისეთი თავნება გყავთ, მხარს არ გიჭერთ, 21 ხმის გარანტიას გაძლევთ. დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუცია მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

"რამდენიმე დღის წინ, მე მოვისმინე პატივცემული თავმჯდომარისგან, მმართველი პარტიისგან, ივანიშვილის გუნდის სახელით განცხადება, რომ თქვენ აპირებთ 2024 წლისთვის შეიტანოთ ცვლილება. ანუ ახლა შეიტანოთ ცვლილება, რომელიც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებს შეეხება და 2024 წლისთვის სრულფასოვანი, ნორმალური, არა მახინჯი ბონუსებით, არამედ, ნორმალური, პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ, სადაც ყველა პარტია იღებს იმდენ ხმას, რამდენსაც ამომრჩეველი მხარს დაუჭერს. ეს განცხადება ხომ ნამდვილად გააკეთეთ? - გააკეთეთ. დღეს რატომ ამთავრებთ ამ პროცესს, თუ მაგ ცვლილების შეტანა გინდათ? მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის - "ევროპული საქართველოსთვის" ეგ ვარიანტიც მიუღებელია, იმდენი სხვა მავნებლობა გაქვთ ჩადებული. პირველ რიგში ის, რომ 2020 წელს არ ცვლით სისტემას და ხალხს ართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას. მაინც მიუღებელი იქნება, მაგრამ თქვენ თუ მაინც "გადაგდებას" არ აპირებთ ქართული საზოგადოების, საკუთარი თანაგუნდელების და ვენეციის კომისიის, ახლა რატომ ამთავრებთ პროცესს? რატომ არ შეგაქვთ ის ცვლილება? სად გეჩქარებათ, გამაგებინეთ?! დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს. ვინმე თუ ისეთი თავნება გყავთ მხარს არ გიჭერთ, აგერ გარანტიას გაძლევთ 21 ხმის, დააბრუნეთ უკან. აბა, რისთვის უგზავნიდით ვენეციის კომისიას? ჯერ ხომ გაუგზავნეთ ერთი ვარიანტი ვენეციის კომისიას, გადააგდეთ, მიიღეთ სხვა ვარიანტი. მერე, ორი მოსმენის მერე გაუგზავნეთ და თქვით, ველოდებით დასკვნასო. მოგივიდა დასკვნა და არაფერს არ ითვალისწინებთ და ისე მიგყავთ პროცესი. თქვენი სიტყვები მახსოვს, ვენეციის კომისიის სამართლებრივ შენიშვნას ყველას გავითვალისწინებთო, მაგრამ არც ერთს არ ითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ რიტორიკული კითხვა - რატომ არ შეგაქვთ ეს ცვლილება ახლავე და რატომ ამთავრებთ პროცესს ისე, რომ არ ასრულებთ თქვენივე ნათქვამ სიტყვას? - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."