თბილისის 9 მერი 90-იანებიდან დღემდე - რით დაამახსოვრეს თავი დედაქალაქს პირველმა პირებმა

თბილისის 9 მერი 90-იანებიდან დღემდე - რით დაამახსოვრეს თავი დედაქალაქს პირველმა პირებმა

თბილისის მერი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსია, რომელიც 1991 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს ის თბილისის საკრებულოს მიერ აირჩა. 2010 წლის 30 მაისს კი პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა, სადაც თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩიეს.

თბილისს 90-იანი წლებიდან დღემდე სულ 9 მერი ჰყავდა. გადავწყვიტეთ თითოეულის საქმიანობის პერიოდისთვის თვალი გადაგვევლო, რაშიც პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე დაგვეხმარა.

თამაზ ვაშაძე ქალაქ თბილისის პირველი მერი გახლდათ, რომელიც 1991 წლის 2 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მართავდა დედაქალაქს. ამ ადამიანზე და მის საქმიანობაზე მწირია ინფორმაცია, თუმცა ერთ-ერთ სატატიაში ვკითხულობთ, რომ ის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობდან გახლდათ. შრომითი საქმიანობა 14 წლისას დამხმარე მუშის პოზიციაზე დაუწყია. 20 წლის ასაკში მასზე წიგნი დაუწერიათ. 24 წლის თამაზზე კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ.

პროფესიით მშენებელი 1991 წლის 29 აპრილს, რაჭა-იმერეთისა და სამაჩაბლოს მიწისძვრის დროს პირადად ხელმძღვანელობდა სარეაბილიტაციო შტაბს და სამშენებლო სამუშაოებს უძღვებოდაო. თურმე, მასვე მოუწია იმ პერიოდში მომხდარი აჭარის სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაც...

მაგრამ ჩვენს რესპონდენტს, რამაზ საყვარელიძეს მასზე ინფორმაცია თითქმის არ აქვს, სამაგიეროდ, მშვენივრად ახსოვს ქალაქის შემდეგი მერი - ოთარ ლითანიშვილი.

"ის სხვა გაბარიტების ადამიანი იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი მერი გახლდათ, რომელსაც შეეძლო ქალაქისთვის არქიტექტურული კუთხით მიეხედა, მაგრამ მისი ეს პროფილი სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა იმ პერიოდს, რომელშიც მოღვაწეობდა (1992 წლის 6 იანვარი - 1993 წლის 21 იანვარი) და ალბათ ამიტომაც, ბევრი მომენტი მისი მერობიდან დავიწყებულია იმის გამო, რომ მეტისმეტად მძიმე სიტუაცია იყო, მისი კვალიფიკაციის დაფასება თბილისს არ შეეძლო. მოკლედ, სპეციალისტს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნამ მაშინ მოუწია, როცა სპეციალისტი არ სჭირდებოდათ", - გვეუბნება ბატონი რამაზი.

ცნობილია, რომ 90-იანი წლები საქართველოსთვის მართლაც უმძიმესი იყო, რადგანაც ქვეყანა სოციალური პრობლემის, არაერთი ომის წინაშე აღმოჩნდა. ოთარ ლითანიშვილი მოგვიანებით კოტე გაბაშვილმა შეცვალა (1993 წლის 21 იანვარი - 1993 წლის 16 ოქტომბერი).

"კოტე ახლობელია, ამიტომ მისი დამოკიდებულება დედაქალაქის მერობის პოსტზე ყოფნისას კარგად მახსოვს. კოტე შევარდნაძეს ძალიან უყვარდა და მიაჩნდა, რომ მას უმძიმეს წერტილებში შეეძლო ჩასვლა, მაგრამ გაბაშვილს პრობლემა ის ჰქონდა, რომ ფართო განათლების ჰუმანიტარია და მერიის ლაბირინთები მისთვის უმძიმესი ტვირთი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რადგან მიაბარეს ეს "უბანი," მედგრად იდგა. იმ დროს ვინაიდან აფხაზეთის ომი იყო, ომში ახალგაზრდების მობილიზაცია კოტემ აიღო თავის თავზე. თბილისს რომ ნორმალური ცხოვრება წამოეწყო, ამის საშუალება არ იყო. თავად დედაქალაქი იყო შეიარაღებული. ამიტომ, მერიის თანამშრომლებიც იარაღით მოძრაობდნენ, როდის რა მოხდებოდა, ვინ ვის დაესხმებოდა, არავინ იცოდა. მოკლედ, იარაღასხმულმა გაბაშვილმა მერობა სოხუმში გააგრძელა, სადაც შევარდნაძეს გაჰყვა, რადგან მის მიერ მობილიზებული ახალგაზრდები ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ და ბოლომდე მის გვერდით იყო. შემდეგ კი როცა ძალიან დამძიმდა მისი ამ სიტუაციაში ყოფნა, თვითონ მოითხოვა გათავისუფლება", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

თბილისის შემდეგი მერი ნიკო ლეკიშვილი გახლდათ, მას ამ თანამდებობაზე ყოფნამ 1993 წლის 16 ოქტომბერიდან - 1995 წლის 8 დეკემბერამდე მოუწია. ამ დროისთვის აფხაზეთის ომი დამთავრებული იყო, თუმცა ქალაქი სავსე იყო უამრავი პრობლემით.

რამაზ საყვარელიძე: "ნიკო გმოცდილი ადამიანია და კარგი ორგანიზატორი, საქმე კარგად იცის და ამიტომაც აღმოჩნდა მერის სავარძელში, მერე ძალიან უყვარდა ლეკიშვილი შევარდნაძეს. ცნობილია ასევე ნიკო თბილისისადმი დამოკიდებულებით, ქალაქი ძალიან უყვარს. როდესაც მერობას შეუდგა, უკვე დღის წესრიგში იდგა ქალაქის მოვლა. წინამორბედ მერებს, ასეთი პირობები სამუშაოდ არ ჰქონიათ და ბევრი მათგანის ყოფნა მცირე დროით ამ სტატუსში ამითაც იყო განპირობებული. ვიმეორებ, არ მიეცათ საკუთარი ინტელექტუალური და პროფესიული უნარების გამოყენების საშუალება. ლეკიშვილს კი ბედმა გაუღიმა, გამოევლინა პროფესიონალური და მენეჯერული უნარები".

- რას იტყვით დედაქალქის შემდეგომ მერზე - ბადრი შოშიტაიშვილზე, რომლის საქმიანობის პერიოდია 1995 წლის 8 დეკემბერი - 1998 წლის 8 აგვისტო.

- ეს წლები კიდევ უკეთესი იყო სამუშაოდ, რადგანაც იმხანად საქართველო აღმართში მიდიდოა, დიდი ტემპით იზრდებოდა ეკონომიკა, დემოკრატიის ხაზითაც ვითარდებოდა და ქალაქიც მაგ რიტმს მიჰყვებოდა. მოკლედ შოშიტაიშვილსაც ბედმა გაუღიმა, კარგ პერიოდში აღმოჩნდა თანამდებობაზე.

- თუმცა თბილისი მაგ პერიოდში ენერგობლოკადაში იმყოფებოდა და უამრავი სოციალური პრობლემის წინაშე იდგა...

- კი, მაგრამ გავიხსენოთ საიდან მოდიოდა ეს გასაჭირი, ჯერ კიდევ სამოქალაქო და აფხაზეთის ომებიდან და თუ ეს პრობლემები იყო, არ აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ ბადრი შოშიტაიშვილის გასაჭირი. იმდენი რამ აკლდა მაშინ ქალაქს, რომ შოშიტაიშვილის ძალა ამ პრობლემას ვერ აღუდგებოდა...

- შოშიტაიშვილი ივანე ზოდელავამ შეცვალა და ეს იყო 1998 წლის 10 აგვისტო. ბატონი ვანო ამ თანამდებობას 1998 წლიდან 2004 წლის 19 აპრილამდე იკავებდა...

- ზოდელავა ერთგული იყო პრეზიდენტ შევარდნაძის და, შეასაბამისად, როგორც კი "ვარდების რევოლუცია" მოხდა, საქართველო დატოვა. მის პერიოდშიც ისევ და ისევ იყო მცდელობა, ქალაქი სტაბილიზაციისკენ წასულიყო, გამოსწორებულიყო სიტუაცია, ეს ზოგადი ტენდენცია გახლდათ... 

- თუმცა, ბატონი ზოდელავას შემთხვეაში საუბარი იყო კორუფციაზე, ისევე როგორც ნიკო ლეკიშვილის შემთხვევაში...

- როდესაც საუბარია კორუფციაზე და ადამიანები სახელდებიან, მიჭირს აყოლა, რადგანაც კორუფცია დანაშაულია. თუ კორუფციას სასამართლო დაადგენს, მაშინ მჯერა, რომ კორუფცია იყო, თორემ ადვილია ყველაზე თქვა კორუმპირებულია. ლეკიშვილმა შეძლო მაშინ ფინანსურად მოღონიერებულ ადამიანებთან ურთიერთობები ქალაქის სასარგებლოდ წარემართა, ეს უნარი მას ნამდვილად ჰქონდა.

- ზურაბ ჭიაბერაშვილი აღმოჩნდა "ნაციონალური მთავრობიდან" პირველი, ვინც ქალაქის მერი გახდა (2004 წლის 19 აპრილი - 2005 წლის 12 მაისი)...

- ჭიაბერაშვილის საქმიანობა დიდად არ მახსენდება...

- არც ცნობილი "სამკუთხედი" გახსოვთ კოსტავას ქუჩაზე, რომელიც  ყბადაღებული თემა იყო მისი მერობისას?

- კი, "სამკუთხედის" პრობლემა მაგ რაიონში ხშირად ტრიალებდა, სულ იმაზე იყო მსჯელობა, როგორ მოევლოთ იმ მონაკვეთში მოძრაობისთვის. ჭიაბერაშვილს ვერ გავამტყუნებ იმ გადაწყვეტლებისთვის, რაც მიიღო. ამ "სამკუთხედის" შექმნით არაფერი გაფუჭებულა. ქალაქს იერი არ შეუცვლია, შეუქცევადი ცვლილებები არ მომხდარა. არ გაამართლებდა და მოძრაობა ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა.

- გიგი უგულავას მერობა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ის რამდენჯერმე აირჩა ამ თანამდებობაზე და 2005 წლიდან 2013 წლამდე დედაქალაქის მერი იყო... თუმცა ერთადერთი მერია, ვინც საკუთარ შეცდომებზე სამართლებრივად პასუხი აგო...

- კი, უგულავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იყო... მისი მერობისას ქალაქში არქიტექტურული მიმართულებით იყო მუშაობა გაჩაღებული. ეს უმეტესად, სააკაშვილის დამსახურება უფროა, ვიდრე უგულავასი, რადგანაც სააკაშვილს ჰქონდა არქიტექტურული მისწრაფებები, ქალაქში ბევრი რამ შეიცვალა.

არაერთი ადამიანი დამეთანხმება, რომ უგულავა ენერგიული კაცია ნამდვილად, მაგრამ თბილისის ცოტა მეტი სიყვარული რომ ჰქონოდა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. სააკაშვილის სურვილი, არქიტექტურული ცვლილებები კულტურული ღირებულების მქონე, უძველეს უბნებში გაეტარებინა, არ იყო სწორი. რაც ბაგრატის ტაძარზე მოხდა, იგივე მოხდა თბილისზე, იერ-სახე ძალიან შეუცვალეს. არადა, უგულავას შეეძლო, ამ პროცესებს წინ აღდგომოდა.

თუმცა ეს პრობლემა თითქმის ყველა ქალაქს აქვს, მაგრამ ევროპაში ქალაქის ძველი ნაწილი ხელუხლებელი რჩება და ცვლილებები ახალ უბნებში ხორციელდება. სამწუხაროდ, ვიმეორებ, უგუავამ ხელი შეუწყო კულტურული ძეგლების დამახინჯებას...

- თუმცა თბილისელები ასე კატეგორიულად არ აფასებენ ამ ცვლილებებს...

- როდესაც კულტურულ ძეგლს ასე ეპყრობიან, ეს გაფუჭებაა...

- უგულავას შემდეგ მერის მოვალეობას 8 თვის განმავლობაში (2013 წლის 22 დეკემბერი - 2014 წლის 2 აგვისტო) სევდია უგრეხელიძე ასრულებდა...

- ქალბატონი სევდიას მერის პოსტზე ყოფნისას ქალაქის ჭრილში გაკეთებული განცხადებები არ მახსენდება, მისი საქმიანობა უფრო პოლიტიკური განცხადებებით დამამახსოვრდა...

- მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე რას გვეტყვით, რომელიც ამ საქმიანობას 2014 წლის 2 აგვისტოდან შეუდგა...

- ექსპერტებს ერთი უბედურება გვჭირს, ბევრ ხალხს ვიცნობთ, რაც შეფასებისას ობიექტურობაში ხელს გვიშლის. დავით ნარმანია გამორჩეულად პატიოსანი და პროფესიონალია. საერთო უნივერსიტეტებში ერთდროულად (სხვადასხვა საგანი) გვისწავლებია, მათ შორის "ჯიპაში," სადაც აღფრთოვანებულები იყვნენ სტუდენტები მისით, არადა, ადვილი არ არის სტუდენტების აღფრთოვანება. ამ ყველაფრის ფონზე, მის მიმართ სიმპათია მაქვს.

მერებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და უნდა ვთქვა, რომ ყველა კარგი პიროვნებაა, ოღონდ, მერობა "სხვა პრობლემაა," ის ლაბირინთია, რომელიც ისე უნდა გაიარო, რომ გამოსავალი იპოვო, რაც არ არის ადვილი. ამ ლაბირინთს, მეტ-ნაკლებად ნიკო ლეკიშვილმა მოუარა, რთულ პერიოდში შეძლო ქალაქის კალაპოტში ჩაყენება. ასე რომ, ლაბირინთის გავლა რომც შეძლო, მაინც ხიფათის შემცველია!.. ნარმანია, როგორც პროფესიონალი, გარკვეული საკითხის გადამწყვეტი არის, ოღონდ, იმ სირთულეების გავლა ვერ შეძლო, ისვეე როგორც ბევრმა სხვა კარგმა პიროვნებამ...

- ჰოდა, ამ ურთულეს სამსახურს ახლა არაერთი ადამიანი უმიზნებს და ყოველ მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ პრობლემებს დაძლევს...

- თითოეულს ვუსურვებდი, ამ ლაბირინთის გაკვლევა ისე შეძლოს, რომ თბილისელებს კარგი მოგონებები დაუტოვოს...

- როგორც მოქალაქე, მომავალ მერს რას სთხოვდით?

- ეს გარდა იმისა, რომ რთული ადგილია, პოლიტიკური ადგილიც არის!

- ბევრი ასე არ მიიჩნევს...

- მართლია, არც ერთი მთვარობა არ თვლის, რომ მერი პოლიტიკური თანამდებობაა. ამბობენ, ქალაქს მეურნე სჭირდებაო. აირჩიეს ამ კუთხით ნარმანია და ფაქტობრივად, გაწირეს. ის კარგი მეურნე არის, მაგრამ არ იყო მზად იმ პოლიტიკური როლისთვის, რასაც ქალაქის მერი გულისხმობს. დიახ, ეს თანამდებობა პოლიტიკური რომ არის, დღევანდელ ბატალიებშიც ჩანს... უმრავლესობა, ვინც მერობისთვის იბრძვის, პოლიტიკოსია. პოლიტიკური მიზნებით იბრძვიან, ვისურვებდი, ეს ყველაფერი დაბალანსებულიყოს და გაეძლოთ რთული ამოცანისთვის.

შენიშვნა: სტატიასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდა მკითხველი გიორგი ლომსიანიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ რეალურად თბილისის პირველი მერი იყო ირაკლი ონისიმეს ძე ანდრიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბრძანებულებით 1991 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა დედაქალაქის მერად. ჩვენი მკითხველის ინფორმაციით, ანდრიაძის სახელს უკავშირდება ისეთი მშენებლობები ქალაქში როგორიცაა: ერეკლე მეორის ქუჩის აღდგენა-რეკონსტრუქცია; ლესელიძის ქუჩის რეკონსტრუქციის დამთავრება; თბილისის რკინიგზის სადგურის კომპლექსის მშენებლობა; ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის მშენებლობა; დიდ დიღომში საავადმყოფოების კომპლექსის მშენებლობა; სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი სახლების მშენბლობა სტუდ ქალაქში - ბაგებში და ა.შ

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."