"ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები" - ელისაშვილი კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს

"ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები" - ელისაშვილი კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ "ქართული ოცნების" კანდიდატს" ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. ელისაშვილი ამ ვიდეომიმართვით ტელედებატებში მონაწილეობას პირველ შეთავაზებაზე კალაძის პასუხსაც პასუხობს. ვიდეომიმართვა სტადიონზეა ჩაწერილი, სადაც ელისაშვილი ფეხბურთის ბურთით თამაშობს.

"ჩემს ძირითად კონკურენტს, კახა კალაძეს, გუშინ შევთავაზე პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ტელევიზიაში დაჯდომა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარი. კალაძე ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი კიევის "დინამოშიც", "მილანშიც" და ღამეები მითენებია მისი თამაშების ყურებაში. ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება, თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. ვიყავი "ტფილისის ჰამქრის" თავმჯდომარე, ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრი. კახის რომ შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი და ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შესაძლოა სტადიონზე შევჯიბრებოდი. მაგრამ, მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური კამპანია აქვს კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო კახი, ყველა ბილბორდი შენ გაქვს (მე ასეთი ფული არ მაქვს, არც ადმინისტრაციული რესურსი მაქვს, არც მილიარდერი მეგობარი მყავს), ამის მიუხედავად დემოკრატიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ აუცილებელია, მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძალიან იაფია. თანაბარი მოცემულობაა - ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არ აქვს მნიშვნელობა. ორივე უნდა იყოს დებატებში და უნდა დაამტკიცოს თავისი პოზიციის მართებულობა. ჰოდა, გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და შემდეგ, პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს და ველოდები სტადიონს", - აცხადებს ელისაშვილი.

ელისაშვილის პირველ შეთავაზებას კახა კალაძეც გამოეხმაურა. „მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?!", - განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" საუბრისას. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."