"აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან"

"აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან"

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

"ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიკურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის კომიტეტისგან შესაბამისი თანხმობა იყო.

"იყო ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაციები, დიდი ხნის წინ გვქონდა ინფორმაცია, თითქოს სადაც უნდა ყოფილიყო მათი ცხედრები დასვენებული, თუმცა იქ არ აღმოჩნდნენ, ამის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოხდა და შარშან შეხვედრებზე პირველად გაისმა პოზიტიური სიგნალები, რომ დაახლოებით შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო, სად იყვნენ ეს ადამიანები გადასვენებული და წელს გათხრების შედეგად ეს ინფორმაცია დადასტურდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის დადასტურებული ძალიან მაღალტექნოლოგიური კვლევებით და დნმ-ის ანალიზით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."