გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმაზე საუბრობს.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე კვირიკაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით; განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული, როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე; ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა გამოხატული როგორც მშობლიურ ენაზე სწავლსი აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებლივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

"ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ შერიგების პოლიტიკას და მზად ვართ, მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს", - დასძინა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."