სად მიიწვია პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირაკლი წერეთელი

სად მიიწვია პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირაკლი წერეთელი

”პოპულარობა და ცნობადობა ნამდვილად არ მაკლია, იმისთვის, რომ ვიღაცამ ტელეეკრანიდან დამინახოს, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, მით უმეტეს, რომ ამის არც ფინანსები მაქვს და არც ცოცხალი ძალა. მე თავმოყვარე კაცი ვარ, 1%-იანი შედეგისთვის თავს არ დავიმცირებ”, - ეს ირაკლი წერეთლის სიტყვებია. ჩემს რესპონდენტს არც მერობა უნდა და არც მერის არჩევნებში გაუკეთებია არჩევანი. ამბობს, რომ ყველაფერი მაინც ისეა, როგორც მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ისურვებს.

- როგორ ხართ, ბატონო ირაკლი, დიდი ხანია ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ...

- ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: კარგი და ცუდი. კარგი ისაა, რომ 4-წელიწადნახევრიანი ყოვლად უკანონო პატიმრობიდან ღირსეულად გათავისუფლდა ჩემი მეგობარი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავას უახლოესი თანამებრძოლი და უერთგულესი მეგობარი, ბატონი ვაჟა ადამია, რომელიც საუკეთესო ფორმაშია ინტელექტუალური, იდეურ-მსოფლმხედველობრივი შემართების, გამბედაობის და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. სამწუხარო ისაა, რომ გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. მისმა სიკვდილმა ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ მუხრანი არც ნიკოლოზ ბარათაშვილივით 27 წლის ასაკში მომკვდარა, არც ლადო ასათიანივით 26 წლის ასაკში, არც ვაჟა-ფშაველასავით 32 წლისა, მაინც ძალიან დამწყვიტა გული ამ ადამიანის წასვლამ. ის იყო ღირსეული ქართველი და დიდი პოეტი.

- იყავით სამოქალაქო პანაშვიდზე?

- რას ჰქვია ვიყავი?! დღე არ გამიცდენია.

- იმ პანაშვიდებზე სააკაშვილს შეხვედრიხართ, გავიგე...

- ეს შეხვედრა სრულიად შემთხვევით, სამების საკათედრო ტაძარში მუხრან მაჭავარიანის გამოსვენების წინ მოხდა. დარწმუნებული ვარ, არც ის ელოდა ჩემთან შეხვედრას. უბრალოდ, იქ ვიყავით ორივე და მანაც მოისურვა ჩემთან შეხვედრა. ხომ არ დავემალებოდი, რაც უნდა იყოს, საქართველოს პრეზიდენტია. თან, რაც მთავარია, მანაც ჩემსავით მტკივნეულად განიცადა მუხრანის სიკვდილი და როგორც პრეზიდენტმა და როგორც კაცმა, პატივი მიაგო. მართალია, მეც გამოვედი მუხრანის მთაწმინდაზე დაკრძალვის ინიციატივით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის კეთილი ნება რომ არ ყოფილიყო, ეს ინიციატივა არ განხოციელდებოდა, რადგან პროტესტის ნიშნად მისი ოჯახი ბატონ მუხრანს მამაპაპისეულ სოფელ არგვეთში გადაასვენებდა.

- რაზე ისაუბრეთ პრეზიდენტთან?

- ძირითადად მუხრანზე, მის პოეზიაზე, მოკლედ, რასაკვირველია, რადგან საეკლესიო რიტუალი მიმდინარეობდა. პოლიტიკაზე, ფაქტობრივად, არ გვისაუბრია, ვცდილობდი, ზედმეტი შეკითხვებით არ შემეწუხებინა. ცოცხლად მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის ნოემბერის მერე პირველად ვნახე, არც ვიყავი მზად მასთან სასაუბროდ. მომეჩვენა, რომ თვითონ თბილი და კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ და არც მე ვარ მტრულად განწყობილი მისადმი. მით უმეტეს ამ სამარცხვინო პოლიტიკური სპექტრის ფონზე, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ჰქვია.

- ხომ არ დამეგობრდით კიდეც...

- ჯერ არა, მაგრამ არავისთან მეგობრობის წინააღმდეგი არ ვარ, ვინც ამას თვითონ მოინდომებს, მთავარია, რუსეთთან არ იყოს შეკრული.

- თანამშრომლობა არ შემოგთავაზათ პრეზიდენტმა?

- თანამშრომლობა არა, მაგრამ 26 მაისის აღლუმზე დასასწრები მოსაწვევი გადმომცა. იმ დღეს ძალიან ცხელოდა, პრეზიდენტმა ყველას ქოლგები გვაჩუქა.

- და სად გაქვთ ის ქოლგა?

- ჩემი მეგობრის მეუღლეს ვუსახსოვრე.

- რატომ?

- შვიდი წელია დაოჯახდნენ და არაფერი მიჩუქებია. ავდექი და პრეზიდენტის ნაჩუქარი ქოლგა ვაჩუქე (იღიმის), მე ის ქოლგა უკვე გამოვიყენე და იმედია, მეორე აღლუმზე თუ დამპატიჟებს, კიდევ დაგვირიგებენ ქოლგებს.

- არჩევნების შედეგებზე რას იტყვით?

- ძალიან კარგი შედეგები იყო.

- რატომ გგონიათ?

- იმიტომ, რომ თუ არ ჩავთვლით ირაკლი წერეთელს, ვაჟა ადამიას და სხვა ადამიანებს, შემორჩენილს ეროვნული მოძრაობიდან, რომლებიც დღეს აქტიურად ვერ არიან წარმოდგენილ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურად და ღირსეულად უპირისპირდება რუსეთის იმპერიას, მის ოკუპაციას და აგრესიას. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარუსდა. გარუსებულ ოპოზიციას, ბოდიში მომითხოვია, რუსეთის წინაშე წაკუზულ ოპოზიციას, თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ერმა ისევ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ამჯობინა. გიგი უგულავაც ძალიან მონდომებული და ენერგიული ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მისი წარმატება მიხეილ სააკაშვილის დაუცხრომელ და მასშტაბურ პიროვნებას უკავშირდება. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილს დაუნთოს სანთელი ყველა ნაციონალმა ამ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებისთვის.

- თქვენ რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში?

- იმიტომ, რომ არანაირი რესურსი, დაწყებული ფინანსებიდან, ცოცხალი ადამიანებით დამთავრებული, არ გამაჩნდა. მე თავმოყვარე კაცი ვარ, ზოგიერთებივით 2-3%-ის აღებას, მირჩევნია, შორიდან ვუყურო არჩევნებს და კარგი ხასიათი შევიქმნა ვიღაცების გამარჯვებით და ვიღაცების დამარცხებით.

- ვისი დამარცხება გეამათ ყველაზე მეტად?

- მთლიანად ოპოზიციის. ერთადერთი, რაც არ გამიხარდა, ის იყო, რომ ალასანიას ცოტა ხმა ხვდა წილად. მას პატივს ვცემ, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი დავით გამყრელიძის გამო. ამ ალიანსს რომ კეთილგონიერება გამოეჩინა და ლიდერად დავით გამყრელიძე აერჩიათ, დარწმუნებული ვარ, მეტ ხმას მიიღებდა. მერწმუნეთ, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის, ხელისუფლებასთან ოპოზიციური დაპირისპირების გამოცდილება, ინტელექტი, აკადემიურობა და ერუდიცია ბევრად მეტი აქვს გამყრელიძეს, ვიდრე ალასანიას.

- გამყრელიძე ხომ იღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში?

- მაშინ ძალიან სპეციფიკური სიტუაცია შეიქმნა, სამი ფაქტორი დაუპირისპირდა ერთმანეთს: ოპოზიციური ერთიანობა, რომელსაც წარმოადგენდა ბატონი ლევან გაჩეჩილაძე, ფული, რომელსაც წარმოადგენდა ბადრი პატარკაციშვილი და ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. პირველ ადგილზე გავიდა ხელისუფლება და მეორე ადგილზე ოპოზიციის ერთიანობა. მათ ფონზე დაიჩაგრა დათო გამყრელიძე.

- დღეს რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია?

- არ ვიცი და არც მაინტერესებს! კარგია, რომ არ გაერთიანდნენ, რომ გაერთიანებულიყვნენ, დავით გამყრელიძის და რამდენიმე კაცის გამოკლებით, პრორუსული ძალა გაიმარჯვებდა.

- თქვენ როგორი არჩევანი გააკეთეთ?

- მე არ წავსულვარ არჩევნებზე, ან რატომ უნდა წავსულიყავი, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ქალაქის მერი იქნებოდა ის, ვისაც მოინდომებდა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი.

- წინასაარჩევნო კლიპებზეც მინდა გკითხოთ. ვისი პიარი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- რა გითხრათ, თითის გაშვერით არჩევნების მოგება არ ხდება, არჩევნების მოგებას ტვინის განძრევა უნდა... გოგი თოფაძის არჩევნებში მონაწილეობა რომ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გადაწყდა, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. წინასწარვე მოელაპარაკნენ, რომ მას არჩევნები უნდა წაეგო... ზვიად ძიძიგურს რაც შეეხება, რომ არ გარუსებულიყო, შეიძლება, მეტი ხმა მიეღო. გული მწყდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შესანიშნავი ქართული ოჯახის მამაა. ჰყავს მშვენიერი მეუღლე და ხუთი შვილი, ზვიადი ეროვნული და ქრისტიანული ცხოვრების კაცია, ბევრი დამსახურება აქვს ეროვნულ მოძრაობაში. ამ ბოლო დროს რა ბზიკმა უკბინა, ვერ გავიგე.

- ქრისტიან-დემოკრატებზე რას იტყვით?

- ქრისტიან-დემოკრატებზე არაფერს არ ვიტყვი! ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. ვანო მერაბიშვილისგან ფინანსდებიან და ასე უღმერთოდ ინგა გრიგოლიას ყვირილი არჩევნების შედეგებზე, ცოტა არ იყოს, არ მესმის. ამდენი, რაც ინგა გრიგოლიამ ილაპარაკა, საქართველოს ისტორიაში არ ულაპარაკია არც ერთ ქალს, ერთად აღებულს.

- რას გულისხმობთ?

- აწყვეტილი იყო, იმდენს ყვიროდა, თითქოს მისი პარტია ხელისუფლებისგან არ იკვებებოდეს. ის პოლიტიკისთვის არაა გაჩენილი, ჟურნალისტი უკეთესი იყო. უნიჭიერეს ქართველ პოეტს აქვს ერთი გენიალური ლექსი, რომელსაც ჰქვია, ”ხბო პოზიცია~, რომელიც ასე მთავრდება, - ”არ შეიძლება იყოს მწოველი, მაწოვებელის ოპოზიცია”. არ მესმის, ხელისუფლებამ ფული გაძლიოს, შენ კი ლანძღო და აგინო. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება არც ისე კარგია, როგორც ნაციონალებს ჰგონიათ, მაგრამ ნამდვილად არ არის ისეთი უბედურება, როგორადაც მას ოპოზიცია გვიხატავს. გიორგი ჭანტურიამ, კაცმა, რომელსაც საკუთარი ლანდის ეშინია, შევარდნაძის ყოფილმა ფავორიტმა, რომელსაც როცა მოუნდება მაშინ დაიჭერს ვანო მერაბიშვილი, რომ გაბედა არჩევნებში მონაწილეობა, გგონიათ, მისი ინიციატივა იყო?! იმიტომაც ვერ გააპროტესტა გიგის გამარჯვება.

- ვაჟა ადამია ახსენეთ, ხომ არ აპირებთ მასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას?

- პოლიტიკურ თანამშრომლობას ახლა არავისთან არ ვაპირებ, თან დეოკუპაციის საკითხით ვარ დაკავებული. ჩვენ 26 მაისს შევხვდით ერთმანეთს, მერაბ კოსტავას საზოგადოებამ დაგვპატიჟა და კარგადაც მოვილხინეთ ვაჟა ადამიას მეგობრის ოჯახში.

- 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოგვიკაკუნებს, ვინ გესახებათ პრეზიდენტის მემკვიდრედ?

- ვინაიდან მე ჯერჯერობით არ ვფიქრობ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს მონაწილეობაზე, კარგი იქნებოდა, კანდიდატურა წამოეყენებინა დათო გამყრელიძეს, ვაჟა ადამიას. ნაციონალურ მოძრაობაშიც მოიძებნებიან საინტერესო სახეები, მაგრამ ვინ, ამას ჯერ არ გაგიმხელთ. თუმცა ეს ყველაფერი ისევ და ისევ სააკაშვილთან უნდა შეთანხმდეს, როგორც ვატყობ, საქართველოში ისე ვითარდება პოლიტიკური მოვლენები, რომ თავის დროზე, როგორც აბსოლუტური მონარქიის უდიდესი წარმომადგენელი ლუდოვიკო მე-14 ამბობდა, საფრანგეთი ეს მე ვარო, მალე მიხეილ სააკაშვილი იტყვის - საქართველო მე ვარო.

- ეს არ არის დიქტატურა?

- არა, იმიტომ, რომ ლუდოვიკო მე-14-ისგან განსხვავებით, რომელმაც 40 ათასი კაცი დასაჯა სიკვდილით და 7 ათასზე მეტი ლამაზი ქალი გააუპატიურა, სააკაშვილს ვერც ერთ ამ ბრალდებას ვერ წაუყენებ. სიკვდილით დასჯა საერთოდ გაუქმებულია საქართველოში და ჯერჯერობით არც ერთ ქალს არ უჩივლია, პრეზიდენტმა გამაუპატიურაო (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე