რა ოდენობის ანაზღაურებასა და პრემია-დანამატს იღებდნენ თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები

რა ოდენობის ანაზღაურებასა და პრემია-დანამატს იღებდნენ თბილისის ყოფილი და მოქმედი მერები

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი დავით ნარმანიას საშუალო თვიურ შემოსავალს 1.9-ჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "ფაქტ-მეტრი" ავრცელებს.

გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობას 2005 წლის 12 ივლისიდან 2013 წლის 22 დეკემბრამდე იკავებდა. მისი მერად დანიშვნის პერიოდში (2005 წელს) მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 300 ლარი იყო. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერის ანაზღაურება 2 800 ლარი გახდა; 2008 წლის 1 იანვრიდან - 3 540 ლარი; 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე კი მერის ხელფასი 3 180 ლარითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება პრემიებს, უგულავას საპრემიო თანხა განსაკუთრებით იზრდებოდა 2009 წლიდან. ყოფილი მერი 2009 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა და მისი თვიური ოდენობა 3 186 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2009 წლის დეკემბერში, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მერის განკარგულებით მერიაში 435 020 ლარის პრემია გაიცა (მერზე, მერის მოადგილებზე, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, გამგებლებსა და მათ მოადგილეებზე). თავად მერმა კი პრემიის სახით 10 620 ლარი აიღო.

უგულავამ თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის სახით ჯამში 327 571 ლარი (თვეში საშუალოდ 3 211 ლარი), ხოლო პრემიის სახით - 303 920 ლარი (თვეში საშუალოდ 2 980 ლარი) მიიღო. სულ, 2005-2013 წლებში, მისი შემოსავალი 631 491 ლარი (თვეში საშუალოდ 6 191 ლარი) იყო.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი, დავით ნარმანია გახდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ამჟამინდელ მერს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში პრემია-დანამატი არ აუღია. მისი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება კი 3 175 ლარია. ამდენად, გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი მოქმედი მერისას 1.9-ჯერ აღემატება.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."