"ცოცხალი" თევზი კი არა, გაზეთის სახელიაო..." - ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზები

"ცოცხალი" თევზი კი არა, გაზეთის სახელიაო..." - ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო კურიოზები

რამდენიმე დღეში საქართველოში მორიგი არჩევნები გველის და ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა თანდათან იწევს.

სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ადგილობრივ ტელევიზიებს საერთოდ არ ვუყურებ. ერთ არხს ჩართავ და მორიგ თურქულ სერიალს გადააწყდები, სხვაგან გადართავ და გაცხარებულ პოლიტიკურ დებატებს წააწყდები. ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ახლობელი დაბრუნდა და ამჟამინდელი ქართული სინამდვილით შეძრწუნებული დარჩა. "გერმანიაში, ქუჩაში ასი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი ქვეყნის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის გვარს ვერ გეტყვისო", - მითხრა ჩემმა მეგობარმა და ალბათ მართალიც ბრძანდება. გადახედეთ დღევანდელ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას - სერიალები და ერთი და იგივე პიროვნებების გაუთავებელი პოლიტიკური დებატები...

დღეს ქართველი პოლიტიკოსების სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ, რომლებიც სხვადასხვა დროს განვითარებულ საარჩევნო ამბებს იხსენებენ.

მოგონებებს დავით უსუფაშვილით ვიწყებთ, რომელიც შორეულ 1990-იან წლებში დაგვაბრუნებს და იმდროინდელი საარჩევნო პერიოდიდან ორ საინტერესო ამბავს მოგვიყვება...

"1990 წლის შემოდგომაა. წინასაარჩევნო პერიოდია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვარ. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. იურიდიულ საკითხებს ვკურირებ და ყველა სამართლებრივი დავა ჩემს ხელში გადის. ერთ დღესაც სამსახურში მივდივარ და დაცვაში მაფრთხილებენ:

- ბატონო დავით, სჯობს, არ შეხვიდეთ, ქალბატონი მანანა არჩვაძეა მოსული პრეტენზიებით და ხალხიც მოიყვანა. მაინც შევედი. დერეფანშივე მომესმა მისი ხმა, რომელიც ჩემი ოთახიდან გამოდიოდა: - სასწრაფოდ მომიყვანეთ აქ ის იურისტი უსუფაშვილი!

- გამარჯობა, - მივესალმე, - მე გახლავართ იურისტი უსუფაშვილი. დაწყნარდით და ისე ვისაუბროთ, - შევეცადე, დამემშვიდებინა.

- მაგას ვერ ეღირსებით! - მიყვირა.

ჩხუბით დაწყებული კამათი საშიშ ფაზაში შევიდა. ვგრძნობ, ხეირს არ დამაყრიან. "მრგვალ მაგიდას" ეჭვი გასჩენოდა, რომ არჩევნებზე მოსაწვევი ბარათები მარტო კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებს დაურიგდებოდათ და ამაზე ცხარობდნენ.

მე ჩემსას ვამტკიცებ, ქალბატონი მანანა არჩვაძე - თავისას და სიბრაზის ბოლო საფეხურზეა. უცებ, მზერა ჩემს უკან გადაიტანა და სახე დაუმშვიდდა. გამიხარდა, მეთანხმება-მეთქი და ლაპარაკის ტეპს მოვუმატე. ცოტაც და სრულიად დაწყნარებულმა ნაზად შესძახა:

- უიმე, ეს ყვავილი მეც მაქვს, მაგრამ კოკრები ვერ გამოვაღებინე!

დაბნეულმა მივიხედე, რაფაზე რაღაც ქოთნები ეწყო მცენარეებით. ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ იმ წუთში სიყვარული "მომეძალა".

- ამ ყვავილს, ქალბატონო მანანა, საკუთარი შვილივით ვუვლი! ბავშვობიდან ვგიჟდები ქოთნის მცენარეებზე და კვირაობითაც მოვდივარ სამსახურში, რომ მოვრწყა.

დადნა ქალი! რა არჩევნები, რის არჩევნები! - მზე უფრო უყვარს თუ ჩრდილი? გამიღიმა. სიმწრის ოფლმა დამასხა!

- თანაბრად, - ძლივს ამოვღერღე, - ისე, დღისით ყოველ ერთ საათში ვატრიალებ, რომ მზის სხივი ფოთლებს თანაბრად მოხვდეს.

- რამდენჯერ რწყავ?

- ოთახის ტემპერატურას გააჩნია - მოვნახე გამოსავალი.

- კარგი ბიჭია, - გახედა თავისიანებს - ყვავილები ჰყვარებია და ცუდს არაფერს ჩაიდენსო..."

ცნობილი პოლიტიკოსი ზვიად ძიძიგური არჩევნების დროს საკუთარ ხმებს... იარაღით იცავდა. აი, რას იხსენებს კახა კუკავა მასზე:

"ზვიად ძიძიგურს "დიდი ტერორისტის" სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო. ნოემბრის არჩევნების დროს იარაღს ვატარებდი, რეზინის ტყვიებს რომ ისვრის. დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა, ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იციო. მეც ვუპასუხე, შესანიშნებლადმეთქი.

- რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამოვიყენებ.

- ამის ხმარებაც იცი?

- აბა! იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყოო.

რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა - "ბახ" და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა. ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.

- ყოჩაღ, - ვეუბნები, - ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.

- რატომ? - დაიბნა. კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი? (შევარდნაძის ხელისუფლების დროს ძიძიგური ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთვის დაიჭირეს. თითქოს, ძიძიგურების ოჯახის სამ წევრს ვახუშტის ხიდის აფეთქება ჰქონდათ განზრახული)... ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა - მაგის ხელში აქეთ ვართ დასაცავებიო".

საარჩევნო ამბების "ესტაფეტას" ლაშა ნაცვლიშვილი აგრძელებს:

"ჩემს საარჩევნო შტაბში, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იყო განთავსებული, ყოველ წუთს უამრავი ხალხი ირეოდა, გიჟის ადგილიც იქაა, სადაც ხალხმრავლობაა, მით უმეტეს, იქ ხაჭაპური მოდის, სასმელი მოდის. გარეთ პლაკატებია გაკრული, ხმა მიეცით ლაშა ნაცვლიშვილს, ჩვენს გენერალს, ჩვენს უკანასკნელ იმედს.

შეხვედრა მაქვს ლაგოდეხის ინტელიგენციასთან. დარბაზი სერიოზული ხალხით გაივსო. დაიწყო პოლემიკა, მე ჩემსას ვამბობ, ისინი თავისას, ვკამათობთ, საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა. ვგრძნობ, ცოტაც, მთელი ინტელიგენცია გადაბირებული მეყოლება და ამ დროს კარი იღება, გიჟმა შემოყო თავი და ხმამაღლა იყვირა: "ბევრს ნუ ატრაკუნებთ, ლაშას მიეცით ხმა". ყველა გაჩუმდა და ერთმა პედაგოგმა ამოიოხრა: "რას ვიზამთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიჟის ჭკუაზე გავლა..."

ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელაშვილი კი ასეთ საარჩევნო კურიოზს იხსენებს:

"არჩევნების წინ სერიოზული კონკურენტები მყავდა და, ბუნებრივია, ყველა თავისებურად ვცდილობდით ამომრჩეველთა გულის მოგებას. თუმცა კანონი განსაზღვრავს, რისი გაკეთების უფლება აქვს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს და რისი - არა. შტაბში, ჩემს ოთახში ვზივარ, სამოქმედო გეგმებს ვამუშავებ და უცებ ერთ - ერთი აგიტატორი აქოშინებული შემოვარდა:

- ბატონო ვალერი, ახლახან ხალხის ლაპარაკს მოვკარი ყური - "დემოკრატები" "ცოცხალს" არიგებენო.

ხაშურში "ცოცხალი" არავის უკვირს, დიდი რაოდენობით იჭერენ, მაგრამ დარიგება, კაცო?!

- რას ამბობს, ტყუილი იქნება, - არ დავუჯერე.

- იქნებ გადაგემოწმებინათ? - წამოაყენა იდეა.

მაშინვე ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს დავურეკე:

- "დემოკრატები" ცოცხალს მართლა არიგებენ?

- კი, არიგებენ, მეც შემხვდა, აგერ მიდევს მაგიდაზე.

- მერე, სირცხვილით მაგას როგორ მეუბნები ბიჭო? - გამოვედი მოთმინებიდან.

- ბატონო ვალერი, ხომ უნდა გავიგო, რა მეთოდებით იბრძვიან? - დაიბნა.

- თუ არ შეჭამე, ისე ვერ გაიგებ?

- შეჭმა რა შუაშია, - ჩაფიქრდა და სიცილი დაიწყო, - გეშლებათ, "ცოცხალი" თევზი კი არა, "დემოკრატების" გამოშვებული გაზეთის სახელია..."

გიორგი გაჩეჩილაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."