დარღვევები, რომელიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

დარღვევები, რომელიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს ირჩევს. ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

საარჩევნო პროცესი რამდენიმე საათის დაწყებულია, თუმცა თბილისსა და რეგიონებში უკვე დაფიქსირდა მცირე დაღვევები:

ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. როგორც სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, ხმის მიცემის შემდეგ გაირკვა, რომ ამომრჩეველს მარკირების პროცედურა გავლილი არ ჰქონდა. მისივე განცხადებით, მომხდარზე უკვე დაიწერა საჩივარი.

"ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან მარკირების პროცედურის შემოწმების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა კონვერტი ყუთში ჩააგდო, ამის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე მას მარკირების პროცედურა არ გაუვლია. ჩვენმა დამკვირვებელმა აღნიშნულზე საჩივარი უკვე დაწერა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ქუთაისის #26–ე საარჩევნო უბნის წინ, შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა "მე ვირჩევ 41"-ს. მსგავსი წარწერაა 27-ე უბნის მიმდებარედაც. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია იკრძალება.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ უბნის გარე პერიმეტრზე რეაგირების შესაძლებლობა არ აქვთ. მისივე განცხადებით, მსგავს ფაქტებზე რეაგირება პრევენციის მიზნით საპატრულო პოლიციას ევალება.

ნომერ მე-4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლმა თეონა ხიხაძემ გაავრცელა.

"დაგვიანებით მოხდა საარჩევნო უბნის გახსნა, საკონტროლო ფურცელი დაფიქსირებული არ არის. ვიდრე პირველი ამომრჩეველი მისცემდა ხმას, მანამდე უნდა დაფიქსირებულიყო საკონტროლო ფურცელი. როგორც ვიცით, საკონტროლო ფურცელი ყუთში საერთოდ არ არის ჩაგდებული", - განაცხადა თეონა ხიხაძემ.

კიდევ ერთი დამკვირვებელი სალომე ჭანჭალეიშვილი კი აცხადებს, რომ საკონტროლო ფურცელი ყუთში არ ჩაუგდიათ. ორივე დამკვირვებელი აცხადებს, რომ მათ მომხდარის გამო საჩივრები დაწერეს.

"სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორის დავით აქუბარდიას ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში 65-ე უბანზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა.

"კომისიის თავმჯდომარე რომეო ბულია ხმამაღლა ესაუბრებოდა კომისიის წევრს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. მან ჩათვალა, რომ ჩვენი დამკვირვებელი ტელეფონით იღებდა მის საუბარს" , - აღნიშნა აქუბარდიამ.

მისივე ცნობით, ინციდენტი, მალევე ამოიწურა და მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ინფორმაციით, დიდუბეში 34-ე, 35-ე და 36-ე უბნებთან, ასევე, ვაკეში 51-ე უბანთან "ქართული ოცნების" აქტივისტები, შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან და წინასწარ შედგენილ სიებში ინიშნავენ ამომრჩევლის მისვლას. ივანე ნორაკიძის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ნაძალადევის #19 უბანზე ადგილი ჰქონდა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემას, როდესაც პირველი ამომრჩეველი მართვის მოწმობით იქნა უბანზე დაშვებული. მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელში შეიყვანეს. შეჩერდა კენჭისყრის პროცესი და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოითხოვეს ახალი საკონტოლო ფურცლის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზე საია-მ დაწერა საჩივარი.

გარდა ამისა, გლდანში #113-ე სპეცუბანზე დილით 7:00 საათზე არ უშვებდნენ საია-ს დამკვირვებელს. მას განუმარტეს, რომ ციხისთვის მიწოდებულ სიაში არ იყო მისი მონაცემები და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით დამკვირვებელი შეუშვეს. ხელვაჩაურში #16-ე უბანზე კი საია-ს დამკვირვებელს არ უშვებდნენ იმ არგუმენტით, რომ წილისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო.

უბნის დაგვიანებით გახსნის ფაქტი დაფიქსირდა, საია-ს მონაცემებით, გორის 90-ე უბანზე. თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა; დაგვიანებით გაიხსნა ასევ ბათუმის #38-ე საარჩევნო უბანი და ნაძალადევის #49-ე საარჩევნო უბანი.

ხობის რაიონის სოფელ შავღელეს საარჩევნო უბანზე ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო უბნის ამომრჩევლისთვის განკუთვნილი ბიულეტენი აღმოაჩინეს. ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დათუნა ჯობავას თქმით, "50-იან შეკვრაში ბიულეტენი რეგისტრატორმა აღმოაჩინა".

წაიკითხეთ: რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, როცა საარჩევნო უბანზე მივა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."