გია ხუხაშვილი - დღეის მდგომარეობით კალაძე ძალიან შორს არის ლიდერობისგან

გია ხუხაშვილი - დღეის მდგომარეობით კალაძე ძალიან შორს არის ლიდერობისგან

კალაძის მერობა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იქნება - ნარმანია იყო დანიშნული მერი და ხალხი პასუხისმგებლობას არ აკისრებდა, კალაძეს კი არ ექნება კომფორტი დაემალოს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველას ესმის, რომ კალაძის პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მერის და ნებისმიერ მოქმედებაზე ახალი მერის პერსონალური ფაქტორი იქნება გამოკვეთილი.

"კახა კალაძის მერობა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იქნება. ყველას ესმოდა, რომ ნარმანია იყო ნომინალური ანუ დანიშნული მერი, რომელიც განსაკუთრებული წონით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, მერიის გადაწყვეტილებებზე საზოგადოება პასუხისმგებლობას დიდად არ აკისრებდა, რადგან არ მიაჩნდა მერი გადაწყვეტილების მიმღებ პირად. კალაძეს კი არ ექნება ის კომფორტი, რომ დაემალოს პასუხისმგებლობას. ყველას ესმის, რომ მისი პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მერის და ნებისმიერ მოქმედებაზე მისი პერსონალური ფაქტორი იქნება გამოკვეთილი. მისი სტატუსი და მოვალეობები მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოვა ერთმანეთთან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კალაძეს აქვს არჩევანი: მერია დარჩეს პარტიული ვალდებულებების და კლანური ინტერესების განხორციელების ადგილად ან გადავიდეს ისეთ მართვაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არის აუცილებელი.

"შესაბამისი იქნება მისი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, ახალ მერს ძალიან გაუჭირდება, რადგან ის საკმაოდ დატვირთულია ვალდებულებებით.

"მას აქვს შანსი და თუ ის შანსს გამოიყენებს, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ლიდერად, დღეის მდგომარეობით კი ძალიან შორს არის ლიდერობისგან. ის მაინც უფრო ფეხბურთელია ხალხის აღქმაში, ვიდრე პოლიტიკოსი. თუ მოახერხებს, რომ მისი ფეხბურთელობა უკანა პლანზე გადაიწევს და ხალხი აღიარებს პოლიტიკოსად, ეს ნამდვილად იქნება მიღწევა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."