"თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირების დეტალები

"თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა" - მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირების დეტალები

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური თიანეთში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს უკავშირებს. როგორც მეჭიაურმა საიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუცნაშვილის ინტერესებშია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გავიდეს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროს თიანეთში.

"რაც ხდება თიანეთში, ვინც ამ მარაზმს აკეთებს, არის ქუცნაშვილი. მისი ინტერესი ამ რაიონში არის ცალსახა. მას აქვს ფინანსური და ბიზნესინტერესები და თუ რაიმე სტრატეგიული არსებობს, ყველაფრის დასაკუთრებას ცდილობს. ქუცნაშვილის სამოურავოა. ქუცნაშვილი ამ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს და მიდის ვა-ბანკზე", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, "დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი", რომელმაც თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რეალურად ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.

"ჩვენ ვითხოვთ იმ განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც გაბათილებული ბიულეტენები სრულიად უკანონოდ აღადგინეს. ახლა როცა მიხვდნენ, რომ პროცესი შესაძლოა წააგონ, ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცით შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ მთლიანად უბნის შედეგების გაუქმება მოხდეს", - განაცხადა მეჭიაურმა.

ამასთან, თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.   ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ფაქტები ადასტურებს, შედეგი ჩარევის შედეგად იქნა შეცვლილი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს ბატონი თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, იქნა ჩარევის შედეგად შეცვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით. ჩვენ ბატონი მეჭიაურის ინტერესებს წარმოვადგენთ დავაშიც, რომელიც ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო და ბატონი თამაზი ჩართულია მესამე პირად. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაერთიანდეს ეს დავები და არ შეიძლება იგი მესამე პირად იყოს ჩართული. ეს ორგანიზაციაა "დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი". ეს ორგანიზაცია არავისთვის არის ცნობილი. მათი მოთხოვნა არის საეჭვო. ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჩავერთეთ პროცესში, ორგანიზაციამ მოითხოვა მე-20 უბნის შედეგების ბათილობა და ამას ხსნიან იმით, რომ გამგებელი იყო უბანზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, პროცესმა საოლქო კომისიაში დარღვევებით ჩაიარა.

"მას შემდეგ რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა ბატონი თამაზის სასარგებლოდ, მაგრამ ერთ-ერთ უბანზე, როდესაც შეჯამდა პროცესი, მიჩნეულ იქნა 24 ბიულეტენი ბათილად. ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. მას შემდეგ რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა. საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებული, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრები დაბარება ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტინების აღდგენა მკვდრეთით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."