"ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა" - გია ხუხაშვილი ელისაშვილისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პერსპექტივებზე

"ეს იქნება მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა" - გია ხუხაშვილი ელისაშვილისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ პერსპექტივებზე

ალეკო ელისაშვილს, როგორც სისტემურ პოლიტიკოსს სკეპტიკურად ვუყურებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"მისი არჩევანის ლოგიკა მესმის, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებ როგორც სისტემურ პოლიტიკოსს. პარტიული მშენებლობა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი, ეს ძალიან ბევრ ისეთ თემასთან და თვისებებთან არის დაკავშირებული, რაც ელისაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს. ის არის გულწრფელი და გულანთებული და იმ სიტუაციაში, როდესაც მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისში იყო, მისი წარმატება აბსოლუტურად კანონზომიერი და ლოგიკური იყო. თუ ამან მას გაუჩინა ილუზია, რომ შეუძლია სისტემური პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა და სკეპტიკურად ვუყურებ მას, როგორც პარტიულ ორგანიზატორს. გარემოცვა, ალბათ, უმტკიცებს, რომ ის არის ყველაზე ლამაზი და მშვენიერი, თუმცა ჯობია არ ჩავარდეს ილუზიაში და ისე არ მოხდეს, როგორც ხშირად გვანახავს ამომავალი ვარსკვლავი ჩამქრალი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, არსებული პარტიული ელიტა არის ღრმა კრიზისში და მათზე მოთხოვნა პოლიტიკურ ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს.

"პოლიტიკა არ არის ლატარეა, რომ კიდევ სცადო და როდესმე რამეს გაარტყა. არსებული პოლიტიკური ელიტა არის კომპრომეტირებული საზოგადოების თვალში. ამის ფონზე მოვიდა ალეკო ელისაშვილი. ტოტალური, დისკრედიტებული ელიტის ფონზე გამოჩნდა ელისაშვილი და მისი წარმატება მეტყველებს პოლიტიკური ელიტის გაკოტრებაზე. ამ პოლიტიკური ელიტიდან ერთადერთი, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს ჰქონდეს პოლიტიკური პერსპექტივა. "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, ეს არის ჩაკეტილი სისტემა და არც ერთ განაყოფს ზრდის პერსპექტივა არ აქვს. ბოკერიაც და სააკაშვილიც სხედან ერთ საბრალდებო სკამზე. "ევროპულ საქართველოს" შედეგი კი არ მოუპოვებია, უფრო დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობასთან" დარჩა, უფრო ნაკლები კი გადავიდა "ევროპულ საქართველოსთან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას მესამე არჩევანი სჭირდება, ეს არჩევანი კი არსებულ პოლიტიკურ ელიტაში არ ჩანს.

"ეს ელიტა არის დატვირთული კომპრომატებით, არის დისკრედიტებული და ამომრჩეველი ვერ ხედავს არჩევანს. რაც შეეხება პრეზიდენტს, თუ რამდენად შეუძლია იყოს მესამე არჩევანი, პრეზიდენტს აქვს თეორიული შანსი, მაგრამ მეჩვენება, რომ პრეზიდენტი არათანმიმდევრულია. გაუგებარი და ბუნდოვანია, რა უნდა მას საერთოდ. ვერ დავინახე მასში სისტემური პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს სამომავლო პოლიტიკური გეგმები. ის არ არის თანმიმდევრული. ბოლო კვირებში მან ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. ის, პირველ რიგში, თავის თავში უნდა გაერკვეს, თუ რა უნდა. ვფიქრობ, მან ეს თვითონ არ იცის და მე, მითუმეტეს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."