პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოა - "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია"

პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოა - "პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია"

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს სოფლის მეურნეობაში ქვეყანას ცუდი მოსავალი ჰქონდა. ამ კონტექსტში, როგორც მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს რომ მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი ყოფილიყო, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან მოსავლის დამზღვევი არ ეყოლებოდა.

"მე ნამდვილად არ ვარ ფერმერი. იმისთვის, რომ ფერმერი იყო, რეალურად უნდა აწარმოებდე და იმდენი დოვლათი უნდა გქონდეს, რომ დაასაქმო ან გაყიდო პროდუქცია, მაგრამ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვცდილობ რაღაც შევქმნა როგორც სოფლის მცხოვრებმა. წელს მქონდა საშინელი წელიწადი. გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ამაზე რომ ვიყო დამოკიდებული, წარმოვიდგინე, რამდენად გამიჭირდებოდა. ჩემი ფინანსური შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამიგვიანია, მაგრამ არ მოვიდა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობასთან აკავშირებს პიროვნული გამოცდილება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველამ იცის, რა რთულია ამ ბიზნესის კეთება.

"თქვენი შრომა ბევრი თვალსაზრისით არის მოწყვლადი, დაწყებული ამინდის ფაქტორიდან, დამთავრებული იმით, რომ რომელიმე ბაზარზე შესაძლოა რომელიმე პროდუქტი ძალიან გაიაფდეს, რამაც დაარტყას თქვენს პროდუქციას. თანამედროვე ევროპა მუშაობს კოოპერატივების მეშვეობით. იმედი მაქვს, რომ კოოპერატივების თემა იქნება წახალისებული",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის მზად არის ფერმერების პრობლემები მოისმინოს და ამაზე ღიად ისაუბროს.

"მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ინიციატივაში ვმონაწილეობთ. მზად ვარ, მოგისმინოთ და თქვენი შეხედულებები და თქვენი პოზიციები უმაღლესი ტრიბუნიდან დავაფიქსირო, რადგან მე მჯერა, სოფლის მეურნეობის განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის პასუხს წარმოადგენს. ეს არის ჩვენივე ბაზრის უზრუნველყოფა სურსათით, ასევე, როდესაც ქვეყანაში კურსის სტაბილურობის პრობლემაა, ეს ქვეყანა არ უნდა ყიდულობდეს კარტოფილს და კიტრს დოლარზე. თქვენ ხართ ის სეგმენტი, რომელიც არის დასაქმების შესაძლებლობა. სოფელი არსებობს არა წარმოებული სურსათის ხარჯზე, არამედ ქალაქში წასული ადამიანების გამოგზავნილი თანხის ხარჯზე. ეს არის ყოველდღიური ტრაგედია და შველა ამ ადამიანების არის ფერმერულ მეურნეობებში",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები