"ახალ გუნდს თბილისში უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ, როცა ჩავიბარეთ" - როგორ აფასებს დავით ნარმანია მერობის სამნახევარ წელს

"ახალ გუნდს თბილისში უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ, როცა ჩავიბარეთ" - როგორ აფასებს დავით ნარმანია მერობის სამნახევარ წელს

დავით ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე თითქმის 4-წლიან მუშაობას აჯამებს. ნარმანია ირწმუნება, რომ საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შეასრულა და ახალ მერსა და ადმინისტრაციას თბილისში გაცილებით უკეთეს მდგომარეობას უტოვებს, ვიდრე პირადად მას, მერის თანამდებობაზე არჩევისას დახვდა.

მიმავალი მერი იმასაც ამბობს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებში თბილისის ამომრჩეველმა მკაფიო პასუხი გასცა ბრალდებას, იყო თუ არა დედაქალაქის ხელმძღვანელი უნიათო.

რა გააკეთა და რისი გაკეთება ვერ შეძლო, რა გამოწვევებს უტოვებს ახალ მერს და როგორია მისი სამომავლო გეგმები - "ინტერპრესნიუსმა" დავით ნარმანიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- ბატონო დავით, თავდაპირველად ზოგადი შეფასება მინდა გთხოვოთ მერის პოსტზე თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორ მემკვიდრეობას უტოვებთ კახი კალაძეს თბილისის მერიაში? რა სირთულეები დახვდება ახალ მერს და მის გუნდს და რა დახვდებათ მათ გაკეთებული?

- მნიშვნელოვანია, რომ ახალ გუნდს თბილისში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როცა ჩავიბარეთ თბილისი. კარგად მახსოვს, თავის დროზე საკმაოდ ბევრი საბოტაჟი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები და მათი გულშემატკივრები გვიწყობდნენ. მახსოვს, დეფიციტური ბიუჯეტი 300-მილიონ ლარამდე, რომელიც ჩვენ დავძლიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. დღეს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობაა. ქალაქში განხორციელებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ბევრი პრობლემა მოიხსნა. მაგალითად, პირველი, ეს არის ქალაქის ისტორიულ ნაწილში საცობებისგან განტვირთვისთვის პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელმაც ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილი განტვირთა საცობებისგან. მეორე მხრივ, ეს არის განახლებული აღმაშენებლის გამზირი, სადაც ადრე აბსოლუტურად უძრაობა იყო და დღეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

პეკინის გამზირზე მუდმივად დაზიანებული ინფრასტრუქტურა და საცობები არსებობდა და დღეს აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე ქუჩა გვაქვს, თავისუფალი მოძრაობითა და საველოსიპედე ბილიკით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები იყო საბავშვო ბაღებში. ჩვენ 12 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, 13 ბაღი მშენებლობის სტადიაზეა, რომელსაც ახალი გუნდი გააგრძელებს. ეს ბაღები მომდევნო წლის სექტემბერში გაიხსნება, მიიღებს დამატებით ბავშვებს და ამით მეტი კმაყოფილი ოჯახი დარჩება. მნიშვნელოვანია ახალი ავტობუსები - ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა დაგვხვდა, როცა ავტობუსების პარკი აბსოლუტურად მოძველებული იყო და დღეს ავტობუსების ¼ განახლებულია თანამედროვე ევროპული ავტობუსებით. ამ თვალსაზრისითაც ახალ მერს უკეთესი მდგომარეობა დახვდება. ასევე მოდერნიზებულია მეტროს ვაგონების 1/3, მაშინ როდესაც მათ აბსოლუტურ უმეტესობას მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. გარემონტდა ორი მეტროსადგური, სამი - რემონტის სტადიაზეა. ასე რომ, ქალაქში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენ სამი წლის წინ ჩავიბარეთ.

- თქვენი წინასაარჩევნო დაპირებები და საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ეფექტური სისტემის შექმნას, პარკირების პრობლემების მოგვარებას, დასუფთავებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს ფორმირებას, ინფრასტრუქტურის ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და დედაქალაქისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ქალაქში კვლავ რჩება პრობლემები საცობების, პარკირების, ეკოლოგიური მდგომარეობის და ყველა სხვა მიმართულებით. რატომ ვერ შეძელით საარჩევნო პროგრამისა და დაპირებების რეალიზება?

- მაგიდაზე მიდევს ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა. შეგიძლიათ თქვენც ნახოთ და ჩავყვეთ პუნქტების მიხედვით ჩემს საარჩევნო დაპირებებს. მე ამას მუდმივად ვუყურებდი, რათა რაიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი არ გამომრჩენოდა. ჩემი საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შესრულებულია. მე ძალიან ამბიციური დაპირებები არ გამიცია. გავეცი ყველაზე რეალური და განხორციელებადი დაპირებები. გარდა ორი-სამი დაპირებისა, დანარჩენი დაპირებების უმეტესობა შესრულებულია. ქალაქში პრობლემები ახლაც არის, მანამდეც იყო და მომავალშიც იქნება. ქალაქი ისეთი ორგანიზმია, რომ რაც არ უნდა ბევრი რესურსი გქონდეს და ბევრი აკეთო, მაინც ყოველთვის სადღაც რაღაც საჭიროება იქნება  წაიკითხეთ ვრცლად: ვერ ვიტყვი, რომ რაღაც უხეში ან გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი - ასეთი არ მქონია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."