კრიზისების მართვის საბჭოს ლიკვიდაცია ხდება

კრიზისების მართვის საბჭოს ლიკვიდაცია ხდება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მთლიანად უქმდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობაში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, ორი კანონიდან - "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" და "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონებიდან იმ მუხლების ამოღება ხდება, რომელიც სწორედ კრიზისების მართვის საბჭოს დანიშნულებას, მის ფუნქციებს, შემადგენლობას, უფლებამოსილებებსა და საქმიანობას განსაზღვრავდა.

ამასთან, ამავე კანონპროექტით, კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამონაცვლე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარეში ჩამოყალიბდება. ამავე ცვლილებებით, მთავრობამ 6-თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის თაობაზე და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტების პარლამენტისთვის წარდგენა.

არსებული გეგმით, კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები ახალ სახელმწიფო სტრუქტურაში გადაინაცვლებენ. ასევე, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების პროცესი დაწყებულია და სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ თანამშრომლების ინფორმირებაც მოხდა.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებას და მთავრობის ხედვის გაცნობას ელოდება. დეპუტატის თქმით, პარლამენტი დეტალურად იმსჯელებს, თუ როგორი იქნება კრიზისების მართვის საბჭოს შემდგომი ფორმა.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალზედ მისასალმებელია. ვთვლი, რომ ამ ქვეყნის წარმატების გასაღები არის ფორმულაში, რომელიც არსებული მწირი რესურსით, ძლიერი მმართველობით, კოორდინაციის ეფექტური მექანიზმებით და კონტროლის მაღალი სტანდარტებით შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, შემცირდეს სამინისტროები, იქ სადაც კოორდინაციის საშუალებებია, მოხდეს კოორდინაციის ელემენტების გაერთიანება და ერთ სისტემაში მოქცევა, დაიზოგოს რესურსი და წავიდეთ შესაძლებლობების ზრდისაკენ. ამიტომ ეს ინიციატივა არის არაჩვეულებრივი და პროცესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, პირველ რიგში, მთავრობის ხედვა უნდა დავინახოთ - თუ როგორ უყურებს მთავრობა, რადგან პოლიტიკის აღსრულება მთავრობის საქმეა. ჩვენ უნდა ვნახოთ, მთავრობა როგორ ხედავს თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მართვას. თვითონ საბჭო არის სტატეგიული დონე. ოპერატიულ-ტაქტიკური დონეა კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი. თუკი ჩვენ დავინახეთ, რომ პირობითად, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა კრიზისების მართვის საბჭოში გადადის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭო სტატეგიულ დონეს დაკარგავს. საბჭოს ფარგლებში სტატეგიული დონე, სავარაუდოდ, დარჩება. კრიზისების მართვის ოთახს ისედაც ოპერატიული დონე ჰქონდა. ახლა ოპერატიული დონის შესაძლებლობების გაფართოება ხდება", - აღნიშნა სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნება და მას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეოერგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტში უკვე გადააგზავნა. ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, 27 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."