ქვეყნის ლიდერები "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ქვეყნის ლიდერები "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა, ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში სასტუმრო "ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის თაობაზე.

"მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი კახა კალაძეც.

"მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."