რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?

რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანა. სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

იურისტ ლია მუხაშავრიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი წაუყენოს უკრაინულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ დარღვევებისთვის, რასაც მას ამ სახელმწიფოში ედავებიან და ამავდროულად, მის ექსტრადაციას ქართული მხარეც მოითხოვს, რადგან მას საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული:

"უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მათ შეუძლიათ, ერთის მხრივ, სააკაშვილი უკრაინაში წაყენებული ბრალით გაასამართლონ, მოახდევინონ სასჯელი და მერე გადმოსცენ ის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მისი პასუხისგებაში მიცემა აქაც მოხდეს. ან შეუძლიათ, პირდაპირ მოახდინონ მისი ჩვენს ქვეყანაში ექსტრადაცია და თუკი საქართველოში მისთვის უკრაინაში წაყენებული ბრალი აქაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულად ჩაითვლება, შეიძლება, სასჯელის ნორმები ამის მიხედვით გამკაცრდეს. უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად, საზღვრის უკანონო კვეთას ედავება," - განმარტავს მუხაშავრია.

იხილეთ ფოტოები: როგორ დააკავა სპეცრაზმმა სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი - ვრცელდება პირველი კადრები

ლია მუხაშავრიას ვარაუდით, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ამ სახელმწიფოში გასამართლება ხელს არ უნდა აძლევდეს, თუნდაც იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში გაცილებით მძიმე დანაშაულებისთვის აქვს ბრალი წაყენებული.

"სწორედ ამიტომ უკრაინელები თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემას მოახდენენ, ამით ორ კურდღელს დაიჭერენ, რადგან ამ პოლიტიკური ფიგურის უკრაინაში არსებობის პრობლემას დაასრულებენ და მეორე მხრივ, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ციხეში აღმოჩნდება, პოლიტიკურ აქტიურობასაც დაასრულებს და მისი მომხრეეები უკრაინაში ცხადია, აღარ იაქტიურებენ. ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობას პასუხი, ის მართლაც სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მიეცა პასუხისგებაში თუ არა," - დასძენს მუხაშავრია.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გამოყავთ დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან

იურისტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია სამართლებრივად არ "აწყობს," თუმცა სხვა გამოსავალი არ დარჩა:

"ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც კი ჰქონდა ქცეული, ამით გარკვეულწილად ამომრჩევლის მხარდაჭერაც მოიპოვეს და თუ ახლა ისინი შეეცდებიან, რომ ეს საკითხი ისევე მიჩქმალონ, როგორც სამართლიანობის აღდგენის მთლიანი თემა, ეს ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს თავად მმარველ გუნდს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ისინი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასა და პასუხისგებაში მიცემას შეეცდებიან, რადგან ეს ხალხის ნაწილში წარმოშობს გარკვეულ იმედს, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყება.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან გამოძიება ძალიან მიკერძოებულია და ჩნდება შეკითხვა, რამდენად სამართლიანი იქნება გამოძიება, რომელსაც პროკურატურა ჩაატარებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მოსამართლე და რამდენად ობიექტურად გაასამართლებს ექს-პრეზიდენტს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს გამოძიებას აგვისტოს ომის თემაზე და არ გამოვრიცხავ, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილთან," - განმარტავს იურისტი.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."