საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

თუ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მასთან დაკავშირებით კითხვები შესაბამის უწყებებს მაინც გააჩნიათ. შესაბამისად, მისი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინას გადაცემული აქვს.

”ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები. კითხვები გააჩნია უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიხეილ სააკაშვილთან. თქვენ იცით, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა მის გადმოცემასთან დაკავშირებით. დაველოდოთ პროცესების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმულ შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება.

”ჩვენ დღემდეც გავაკეთეთ კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მაშინაც ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია, სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

რა ინფორმაციებსაც ვისმენ, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, - ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

"ის მიმართავს ყველანაირ ავანტურას რათა კვლავ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. მართალია, ჩვენ ცოტა დიდი ხანი მოვუნდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ მოთხოვნას, მოთხოვნა ჩვენი პროკურატურისგან არის და საბოლოო ჯამში, შედეგი იქნება დამოკიდებული უკრაინულ მხრეზე, - განაცხდა მდინარაძემ.

მისივე განცხდებით, "სააკაშვილმა როდესაც ის იყო საქართველოს ჩაიდინა დანაშაულები,რაზეც შესაბამისი განაჩენებია დამდგარი. ეს არის საფუძველი იმის, რომ მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი რამდენჯერმე დადგა.

"სააკაშვილი ვერ შეძლებს საქართველოში აქტუალური გახდეს, რაც მას თავად სურს. აქედან გამომდინარე, ის იქნება პატიმარი საქართველოში თუ არა, პოლიტიკური ლანდშაფტი ამით არ შეიცვლება", - განაცხადა მდინარაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."