უკრაინის გენერალური პროკურორი - სააკაშვილს დავაკავებთ

უკრაინის გენერალური პროკურორი - სააკაშვილს დავაკავებთ

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

"ჩვენ შეგვეძლო უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით ცეცხლი უნდა გაეხსნათ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

თუმცა, იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო

"სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს".

"ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება", - დასძინა მან.

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

"სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით", - განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია შემდეგი მუხლებით: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."