პარლამენტარი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

პარლამენტარი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისრაელისადმი მსგავსი მხარდაჭერა დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე მეგობარი სახელმწიფოს მიმართ.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.

მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას.

მე მჯერა თქვენი, როგორც გონიერი და მტკიცე ხასიათის მქონე პოლიტიკური ლიდერის, რომელიც ადეკვატურ შეფასებას მისცემს საკითხის მნიშვნელობას, სწორად შეაფასებს მის მასშტაბურობას და საქართველო, თქვენი უშუალო მეთაურობით, გახდება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს", - აღნიშნულია დეპუტატის ღია წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად შალელაშვილმა გაავრცელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."