თბილისის მერი საახალწლო განათებებთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებაზე ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს

თბილისის მერი საახალწლო განათებებთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებაზე ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს

მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული მსოფლიო ქალაქებს შორის, ამიტომ ნამდვილად მიუღებელია ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კრიტიკას საახალწლო განათებებთან დაკავშირებით.

კახა კალაძის განმარტებით, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას და ყოფილი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

მისივე განმარტებით, იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს საახალწლოდ ლონდონი მორთო და აღიარებაც დაიმსახურა, შესაბამისად, კალაძის განცხადებით, მასაც აქვს პრეტენზია, რომ თბილისი იყოს საუკეთესოდ მორთული.

"მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათა შორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში უფრო მეტი იქნება გაკეთებული, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს.

"ჩვენი დედაქალაქი იქნება ყოველთვის იმ ქალაქებს შორის, რომელიც არის საუკეთესო. ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ როგორც შეეფერება დედაქალაქს და აქ მაცხოვრებელ ადამიანებს და ზოგადად, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება", - განაცხადა კალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია.

როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, არის იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს.

ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. შესაბამისად, მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეარჩია თბილისის მერიამ მაინცდამაინც იტალიური კომპანია, ვინ მოიძია აღნიშნული კომპანია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."