ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ჯანაშიამ განაცხადა, გუშინდელ არჩევნებში დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მისივე თქმით, ყველა ბიულეტენი გაყალბდა დავით ასათიანის სასარგებლოდ.

”გუშინ იყო ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები და დაფიქსირდა ძალიან ცუდი ფაქტები ბიულეტენების გაყალბებასთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა დაუდასტურებელ ბიულეტენებს, არ იყო დამოწმებული ბეჭდებით, ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა გაცემული ბიულეტენების, ანუ გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი. ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, სადაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ბიულეტენები. ადგილი ჰქონდა ფაქტებს როდესაც კომისიის წევრებს ხელში ეჭირათ ბიულეტენები. აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გაყალბდა დავით ასათიანის სასარგებლოდ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავიდან ბოლომდე საარჩევნო პროცესის ნამდვილობა დგას ეჭქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი. არჩევნების შედეგი უნდა იყოს ბათილად ცნობილი. მეორე ტურს რაც შეეხება, მეორე ტურის შესაძლებლობა შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ტური ასახავს რეალობას”, - განაცხადა ჯანაშიამ.

მისივე თქმით, განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუგებარია, თუ რა გადაწყვეტილების გამოცხადებას აპირებს ხმის დამთვლელი კომისია.

”ხმის დამთვლელ კომისიაში არის 15 წევრი. აქედან 2 მოხსნილი იყო სწორედ იმ ბიულეტენების ფაქტებზე რაზეც ვსაუბრობთ. ერთმა წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო და აღარ გააგრძელა ხმის დათვლის პროცედურა. 12 დარჩენილი წევრიდან ხმები გაიყო არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, 6 წევრი თვლიდა, რომ არჩევნები არის ბათილი, დანარჩენი 6 - პირიქით. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამავდროულად კომისიის წევრებმა უარი განცხადეს ოქმების შედგენაზე, 6 წევრმა და დამკვირვებლებმა დატოვეს ხმის დათვლის პროცესი. ახლა კომისიაში დარჩენილია 6 წევრი, რომლებიც არ ვიცი რა შედეგების გამოქვეყნებას აპირებენ ან რა პროცესს აგრძელებენ”, - აღნიშნა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა მეორე ტური თავმჯდომარის ასარჩევად. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი დაინიშნება მეორე ტური, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის.

უფრო კონკრეტულად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა ასეთია: ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."