ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატიის საკითხებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონსულტანტის თანამდებობას იკავებს

ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატიის საკითხებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონსულტანტის თანამდებობას იკავებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საკითხებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ეროვნული კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობს.

ამ სტატუსით წარადგინა პეტრიაშვილმა საკუთარი თავი საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები".

"ევროპული პერსპექტივა არ არის შორეული პერსპექტივა. ამას სჭირდება ძალისხმევის გაძლიერება და გაერთიანება. მე ჩემს მეგობარ ევროპელ ელჩთან მქონდა საუბარი ცოტა ხნის წინ იმაზე, თუ რა სურს საქართველოს და სპორტში გადავიტანეთ ეს საუბარი. საქართველო არის რაგბიში მრავალგზის ჩემპიონი ევროპის, სტაბილურად სახლში და გარეთ ამარცხებს რუსეთს, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ექვსი ერის თასის წევრები. დარწმუნებული ვარ, როგორც ექვსი ერის თასის კარი გაიღება, ისე გაიღება ევროპული პერსპექტივაც საქართველოში. ამაში დიდი იქნება ევროკავშირის ელჩის წვლილი, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება ისეთივე ძლიერი მიწოლა, როგორი ძლიერი შერკინებაც გვყავს რაგბის ნაკრებში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი უარყოფენ აღნიშნულ ინფორმაციას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინე ფრუიძე აცხადებს, ალექსი პეტრიაშვილი, როგორც ერთ-ერთი კონსულტანტი, ამჟამად არის გაეროს განვითარების ფონდის მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებში დაქირავებული პირი.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატიის საკითხებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონსულტანტის თანამდებობას იკავებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ალექსი პეტრიაშვილი, როგორც ერთ-ერთი კონსულტანტი, ამჟამად არის გაეროს განვითარების ფონდის მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებში დაქირავებული პირი.

პროექტი საგარეო საქმეთა კომიტეტისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას ახორციელებს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინე ფრუიძემ.