გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო

გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო

შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო, ამის მერე თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე, - ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, კონკრეტულად კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი" ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს, ისევე, როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო " სიტროინ ჯორჯიამ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა

იხილეთ ვიდეო: "შეცდომა იყო, რომ ვთქვი ჩემი მეგობარია, ისიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე და ჩემს ოჯახშიც აირია საქმეები" - გია გაჩეჩილაძე კვირიკაშვილზე

"წარმოიდგინეთ 20 მანეთი რომ ღირდეს და გადაიხადო 40 მანეთი. "სიტროინი" სთავაზობდა 20 მანეთად და ამათ აარჩიეს 40 მანეთად ჩამოყვანა. გააუქმეს ეს ტენდერი. ტენდერი, რომ გაუქმდა "სიტროინმა" გაასაჩივრა დავების საბჭოში. დავების საბჭომ დაგვიბარა ყველანი ერთად, მეც ვიყავი მისული და ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურს უთხრეს, ნორმალური გადაწყვეტილება მიიღეთო. ამათ ნორმალური კი არა, კიდევ უარესი გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, კომპანია "სიტროინი" "საერთოდ გააშავეს". გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ წელიწადში 57 ტენდერი არის უკონკურენციოდ ჩატარებული და 20 მილიონ ლარზე მეტია ბიუჯეტიდან წაღებული.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მისწერა, რომელმაც სასამართლოში გადაამისამართა.

"უსამართლობაში რომ ვიყავით ჩავარდნილი, მივწერე გიორგი კვირიკაშვილს და მითხრა, თუ მართლა ასეთი რაღაც ხდება, სასამართლოში გაარკვიეთო. მე ვფიქრობ, რომ სწორად გადამამისამართა, რა უნდა გაეკეთებინა გიორგის? სხვა შემთხვევაში ბრალს დასდებდნენ, რომ თავის მეგობარს ეხმარებაო. ისევე, როგორც ეგ იყო შეცდომა, რომ მე თავის დროზე ვთქვი, რომ ის ჩემი მეგობარია. ამის მერე თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

იხილეთ ვიდეო: "საგიჟეთი" - რა გადაცემის გაკეთებას გეგმავს "უცნობი" ტელევიზიაში და ვისთან ატარებს ყველაზე დიდ დროს?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."