"ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა" - კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციას

"ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა" - კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციას

თბილისის მერი, კახა კალაძე საკრებულოში მივიდა, სადაც სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ.

საკრებულოს დეპუტატებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვებით მიმართეს მერს. კითხვები ეხებოდა უფასო სასადილოებში დაფინანსების საკითხს, "სითი პარკსა" და მის ჯარიმებს, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას, დასაქმებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებს, საპენსიო დანამატს, რომელიც დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და სხვა.

შეკითხვების დასრულების შემდეგ კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებს უპასუხა. "ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა, - მიმართა თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციას.

"როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა. ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში. ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა. არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა საკრებულოში აღნიშნა, თუ ოპოზიციას აქვს სურვილი თბილისის განვითარების, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს.

"ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოების და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძვირფესვიანად აღმოიფხვრას.

მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას - ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ.

თქვენ სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, არამედ უნდა ითხოვდეთ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას...

...ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება - შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით, სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი!"- განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."