მილიონობით ლარი დანამატებსა და უცხოეთში ვიზიტებზე - დეპუტატების ხელფასებისა და გაცდენილი სხდომების სტატისტიკა

მილიონობით ლარი დანამატებსა და უცხოეთში ვიზიტებზე - დეპუტატების ხელფასებისა და გაცდენილი სხდომების სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა.

აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი - 5 065 541 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის განსხვავდება მათი თანამდებობის მიხედვით. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყველა თვეში თანამდებობრივი სარგოს გარდა, 4 738 ლარის ოდენობის დანამატი აიღო. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის დანამატი 4 403 ლარია; ვიცე-სპიკერების - ზვიად ძიძიგურის, ილია ნაკაშიძის, ირმა ინაშვილის, სერგი კაპანაძის, გიორგი ვოლსკის - 4 338 ლარი; რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მათი დანამატი დიფერენცირებულია და სულ მცირე 2 623 ლარს შეადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის ხელმძღვანელობის - სპიკერისა და ვიცე-სპიკერების, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეების ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 6 000 ლარიდან 6 700 ლარის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რიგითი წევრის კი დიფერენცირებულად, 4 500 ლარიდან 5 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო, დანამატი და პრემია) 21 824 081 შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათლით, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულია თანამდებობრივი სარგო 12 621 070 ლარის ოდენობით, დანამატი - 7 204 072 ლარი და პრემია - 1 998 938 ლარი.

"ინტერპრესნიუსმა" საქართველოს პარლამენტიდან დეპუტატების მიერ პლენარული და რიგგარეშე სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკაც გამოითხოვა.

დეპუტატებიდან პარლამენტის პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად რამაზ ნიკოლაიშვილი და კობა ნაყოფია აცდენენ.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს შემდეგმა დეპუტატებმა: დავით ბაქრაძე - 21, გიორგი ბეგაძე - 12, ირაკლი ბერაია - 15, აკაკი ბობოხიძე - 11, გიგა ბოკერია - 21, თინათინ ბოკუჩავა -13, ზაზა გაბუნია - 14, ხათუნა გოგორიშვილი - 12, ნინო გოგუაძე - 12, გოჩა ენუქიძე - 15, ირმა ინაშვილი -13, გიორგი კანდელაკი - 13, სერგი კაპანაძე - 11, ოთარ კახიძე - 14, ზაზა კედელაშვილი - 25, ზვიად კვაჭანტირაძე - 13, ნიკანორ მელია - 25, გელა მიქაძე - 15, ირმა ნადირაშვილი - 16, კობა ნაყოფია - 26, რამაზ ნიკოაშივილი - 27, გია ჟორჟოლიანი - 25, სალომე სამადაშვილი - 15, აზერ სულეიმანოვი - 22, გიორგი ტუღუში - 20, ირინა ფრუიძე - 14, ალექსანდრე ქანთარია - 15, სოფიო ქაცარავა - 14, გიორგი ღვინიაშვილი - 18, თამარ ჩუგოშვილი -18, ნინო წილოსანი - 12, დავით ჭიჭინაძე - 11, ელენე ხოშტარია - 21.

სხვა დეპუტატების საპატიო გაცდენები მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში 10-ს არ აღემატება.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული და რიგგარეშე სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებს, სტატისტიკა შემდეგნაირია: ვანო ზარდიაშვილი - 6, გრიგოლ მიქელაძე - 3, ენზელ მკოიანი - 3, ირაკლი მეზურნიშვილი - 3, სამველ მანუკიანი - 3, ედიშერ თოლორაია - 4, სალომე ზურაბიშვილი - 3, რომან მუჩიაშვილი - 3, გია ჟორჟოლიანი - 3, ოთარ ჩრდილელი - 3, დავით ჭიჭინაძე -4, ლერი ხაბელოვი - 3.

კობა ნაყოფიამ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და აზერ სულეიმანოვმა გააცდინეს ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები საპატიო მიზეზით 2017 წლის საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას. აღნიშნულ პერიოდში თითოეულ მათგან 10-10 გაცდენა აქვს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: რუსლან გაჯიევი -2, სამველ მანუკიანი - 2, რამაზ ნიკოლაშივილი - 2, კახა ოქრიაშვილი - 2, სალომე სამადაშვილი - 2, გედევან ფოფხაძე - 2.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების ოფიციალურ ვიზიტებზე 1 597 863 ლარი დაიხარჯა.

”ინტერპრესნიუსის” მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში დეპუტატების ოფიციალურ ვიზიტებზე ჯამში 114 201 ლარი დაიხარჯა, თებერვლში - 115 763 ლარი, მარტში - 187 943 ლარი, აპრილში - 88 091 ლარი, მაისში - 133 274 ლარი, ივნისში - 110 522 ლარი, ივლისში - 148 963 ლარი, აგვისტოში - 4 345 ლარი, სექტემბერში - 233 578 ლარი, ოქტომბერში - 155 377 ლარი, ხოლო ნოემბერში - 305 829 ლარი.

ამასთან, ყველაზე მეტი თანხა - 14 686 ლარი დაიხარჯა პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ვიზიტზე ვაშინგტონში, მიმდინარე წლის 10-დან 16 სექტემბრამდე; 13 990 ლარი დაიხარჯა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მივლინების თანხების თაობაზე ინფორმაცია მოიცავს როგორც ავანსად გაცემულ თანხებს, ისე მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შედეგად ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."