"ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი მხოლოდ..." - კვირიკაშვილის პასუხი ოპოზიციას გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე

"ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი მხოლოდ..." - კვირიკაშვილის პასუხი ოპოზიციას გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინა, შემდეგ კი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან დაკავშირებული საკითხით და სახელმწიფო ტენდერების შესახებ დასვა შეკითხვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა:

"კომპანია, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს და შემდეგ ოთხ ტენდერს ზედიზედ იგებს, საუბარი მაქვს გაჩეჩილაძის სიძის კომპანიაზე, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, გაჩეჩილაძის სიძისთვის მიგეცათ მიწა, რომლის საფასური დღემდე არ გადაუხდია?"

ამაზე პასუხად კვირიკაშვილმა განაცხადა: "სიმართლეს გეტყვით. გაჩეჩილაძის სიძე თუ იყო საერთოდ კომპანიაში, სტუდია მონიტორის სიუჟეტიდან შევიტყვე და პირდაპირ გეუბნებით, იმ მომენტში გახდა ჩემთვის ცნობილი, ეს ფიცით შემიძლია დავადასტურო..."

ამ დროს პრემიერობის კანდიდატს სიტყვა რეპლიკით შეაწყვეტინეს, რომ ის გაჩეჩილაძის შვილის ქორწილში იმყოფებოდა, რაზეც კვირიკაშვილმა უპასუხა:

"ვის ქორწილში ვიყავი... ბოდიში რა... სხვათაშორის მისი სიძის (უცნობის სიძე, გიორგი შარაშიძე) ქორწილში ნამდვილად არ ვარ ნამყოფი. ლევანის შვილის ქორწილში ვარ მხოლოდ ნამყოფი მაგ ოჯახიდან" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ასევე დაინტერესდა რატომ ჰქონდა გიორგი გაჩეჩილაძეს მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრი ტენდერის საკითხს მოუგვარებდა.

"როდესაც მან მომმართა, მაშინვე ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ ის გარკვეულიყო დეტალებში - იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული. რა თქმა უნდა, მან მოიკითხა ეს საკითხი და მივიღე ამომწურავი პასუხი. აქედან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარების გაკეთებას ამ თემაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი, მე სპეციალურად შევისწავლე. მე ამის უფლება მაქვს, ვინაიდან ვარ მთავრობის მეთაური და მთავრობის ტენდერზეა საუბარი და ეს არ არის ზეწოლა არავისზე. ტენდერი იყო კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარებული და ჩემი რეაგირება დასრულდა სწორედ აქ, ვინაიდან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მეგობარს დავეხმარე და ჩემი თანამდებობა ამისთვის გამოვიყენე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."