პრემიერი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის - "ზედმეტი იყო ეს ემოციები"

პრემიერი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის - "ზედმეტი იყო ეს ემოციები"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"მოკლე განცხადებას გავაკეთებ. მანამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

"როგორც ძველი ბიჭი ისე "იქაჩები". შენ ხარ უნამუსო ადამიანი", - მიმართა მელიამ კვირიკაშვილს.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს".

"ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."