ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მის მიერ შექმნილი საზოგადოებრვ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებული ყურადღება კი საპარლამენტო არჩევნებზე გამახვილდება.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, თავად აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატობას თუ რომელიმე მისი თანამოაზრე, ელისაშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და აღნიშნავს, რომ მოძრაობა არ იქნება ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული.

"უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი მისი კონკურენტის და არჩეული მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს და აცხადებს, რომ ის ქალაქში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს ვერ აგვარებს და მხოლოდ პიარით არის დაკავებული.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ - ყველა ახალარჩეულ ადამიანს არ შეიძლება მეორე დღეს ეძგერო და დაუწყო კრიტიკა, უნდა გამოაჩინოს თავი, რისი შნო ჰქონდა და არ ჰქონდა. 100 დღის თავზე შემიძლიათ გითხრათ, რომ სერიოზული არაფერი გაკეთებულა. მე რასაც ვუყურებ, არის გაშმაგებული პიარი, ასე მოვრეცხეთ, ისე მოვრეცხეთ". კარგია, მორეცხეთ, მაგრამ მთავარი გამოწვევების მოგვარების პირს მე ვერ ვხედავ. გავიხსენოთ ის, თუ რა არის მთავარი გამოწვევები, ამ ქალაქში არის შხამიანი ჰაერი, კატასტროფული მდგომარეობაა საცობების თვალსაზრისით, სატრანსპორტო მოძრობა ძალიან ცუდადაა ორგანიზებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაფრად ვარგა და მშენებლობები არის ქაოსში. კი, სამ თვესა და 100 დღეში ამ პრობლემებს ვერ გამოასწორებ, მაგრამ ტენდენციებს გამოსწორების მხრივ ვერ ვხედავ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის ერთ-ერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, მერმა თქვა, რომ სატვირთო და დისტრიბუციის მანქანებმა განსზაღვრულ საათებში უნდა იმოძრაონ. ელისაშვილის აზრით, კალაძის ეს ინიციატივა ტრანსპორტთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს და ახალ მერს ტრანსპორტის კუთხით არსებულ მის გეგმას სთავაზობს.

"ასეთ რაღაცას ვეტყვი კახი კალაძეს, რაღაც ტილაობებით ნუ არის დაკავებული. ტრანსპორტთან და ზოგადად, დიდ პრობლემებთან დაკავშირებით, რითაც არის დაკავებული, არის ტილაობები. ჩემი გეგმა წაიღოს, უსინდისო ვიყო, თუ დავაყვედრო. ჩემს გარშემო იყვნენ გუნდში პროფესიონალები, მათ შორის, სატრანსპორტო თვალსაზრისითაც. იმ გეგმის გარეშე, რომელზეც მე ვლაპარაკობდი, გამორიცხულია საცობების მოწესრიგება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილს პრეტენზიები გააჩნია კახა კალაძის გუნდთან დაკავშირებით. მისი თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ამ თანამდებობისთვის "ცუდი კადრია".

"ამ გუნდთან დაკავშირებით მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზია, ყველაზე ცუდი რაც ხდება ეს არის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. მე მორატორიუმი დავარღვიე 2 კვირის წინ და დავწერე, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დაძირვა ხდება. ძალიან ცუდი კანდიდატურა ჰყავს შერჩეული მთავარ არქიტექტორად. ჯერ ერთი, ეს კაცი პრეფესიით იურისტია, ვგულისხმობ ბოლოთაშვილს. ის არის ძალიან ცუდი კადრი, ის იყო მთავარი არქიტექტორის მოადგილე. მაშინ რომ ვერეფერი გააკეთა, ახლა რატომ გააკეთებს?!", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემაში ალეკო ელისაშვილი მასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა. "ფეისბუქში" ვკითხულობდი, სად არის ელისაშვილი?! ფული აიღო და გაჩუმდაო. ახალი წელი იყო და ახალწლებზე ყველა რასაც აკეთებს, იმას ვაკეთებდი მეც, ახლობლებთან ურთიერთობით... რა თქმა უნდა, სისულელეა, რომ "ფული აიღო", ყველას ეს აქვს ტვინში", - აღნიშნა ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."