ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მერიის მიერ მუნიციპალიტეტში მოუგვარებელ პრობლემებს ასახელებს

ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მერიის მიერ მუნიციპალიტეტში მოუგვარებელ პრობლემებს ასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, "თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო, მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია".

როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, 2 დაბის და 80 სოფლის მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდებოდეს.

"ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობის და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსების ან მეტროს სახით, თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმის ბავშვთან ან მისი ოჯახის სხვა წევრთან გასასინჯად მისასვლელად და ასევე, ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება", - წერს ქუცნაშვილი Facebook-ის გვერდზე.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია ასეთი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა, როდესაც ხელთ გაქვს ყველა საჭირო ფინანსური სახსარი და მარტივი პროცესის ორგანიზებას ვერ ახდენ.

"აღმაშფოთებელია როდესაც თავად გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის სწირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და მითუმეტეს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ", - აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავად თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განმარტებით, შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას "ქართული ოცნებიდან" ეს არ გაუკეთებია. მეჭიაურის თქმით, სატყეო სააგენტოს მერქნის გამოყოფაზე მიმართეს და პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."