ცვლილებები მერიაში - რომელი სამსახურები უქმდება, ერთიანდება და იქმნება უწყებაში

ცვლილებები მერიაში - რომელი სამსახურები უქმდება, ერთიანდება და იქმნება უწყებაში

თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები გაუქმდა.

რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები კი მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ. მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

ცვლილებები შემდეგში მდგომარეობს:

თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა. დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება, რომლის ძირითადი მიმართულება ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება. როგორც მერიაში განმარტავენ, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. რეფორმის თანახმად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები - მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმარება, ტყის მართვის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე სივრცეების განვითარება და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნა, ქალაქ მშენებლობის პროცესში მონაწილეობა იქნება.

ამასთან, დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას უზრუნველყოფს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ფუნქცია დაემატება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილება იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ორი საქალაქო სამსახური გაერთიანდება. როგორც დღეს გამართული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი, რეფორმის ფარგლებში განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება. კერძოდ, კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ჩამოყალიბდება კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად.

ამასთან, მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.

PR სამსახურების ცენტრალიზების მიზნით, მერიაში ახალი ა(ა)იპ-ი "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო" იქმნება. რეფორმის ფარგლებში მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან მოხდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე, ამ მიზნით შექმნილ ახალ ა(ა)იპ-ში "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში".

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი