კრიმინალების მიერ დაფინანსებული საპროტესტო აქციები აუცილებლად ჩაფლავდებოდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ავსტრიის პოლიციამ გამოაქვეყნა ანგარიში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. მასალების მიხედვით, ავსტრიაში და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მყოფი კრიმინალები, მათ შორის რუსეთიდან, აქციებს აფინანსებდნენ. აქციების ესთეტიკაც - საკნები, ქურდული, შემთხვევითი არ იყო. სწორედ ის პოლიტიკოსები, ვინც აქციებთან იყვნენ დაკავშირებულნი, ებრძოდნენ ახალაიას. "ახალაია მე დავნიშნე სასჯელაღრსულების ხელმძღვანელად, რომელმაც კრიმინალებთან ბრძოლა აქტიურად დაიწყო. დანაშაული ციხიდან იმართებოდა. ციხეებში იყვნენ კანონიერი ქურდები, საკნები, რომლის კარი არ იკეტებოდა, მობილურები. მე როდესაც იუსტიციის მინისტრად ვმუშაობდი, სისტემის შეცვლა არ შემეძლო. ჩვენ შევძელით, რომ დანაშაული ციხიდან დღეს აღარ იმართება", - განაცხადა სააკაშვილმა.