"თუ მიწაზე საკუთრების უფლება არ შევზღუდეთ, საგანგაშო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით"

"თუ მიწაზე საკუთრების უფლება არ შევზღუდეთ, საგანგაშო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით"

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები დემოკრატიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევენ, გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე.

- პროცესები ცხადყოფს, რომ სააკაშვილის გარემოცვა ახალი შემართებით ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად. კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტით, მმართველობის შერეული სისტემა იქმნება, თვითონ ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტში უმრავლესობით მოსული პოლიტიკური ძალა, პროგრესული ნაბიჯია, თუმცა, სხვა საკითხია, ჩვენს სინამდვილეში, ვისთვის და რისთვის არის განსაზღვრული ეს მოდელი.

2013 წელს სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურება და იგი ხელისუფლებაში დანარჩენ გზასა და ფორმას ეძებს. გაძლიერებული უფლებამოსილებით აღჭურვილი პრემიერის პოსტი კი საუკეთესო გამოსავალია. მრავლისმეტყველია ისიც, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, მთავრობას საერთო-სახალხო რეფერენდუმის მოთხოვნის უფლებაც ენიჭება.

რაც შეეხება პარლამენტს, მას კონტროლის მექანიზმი რჩება, მაგრამ ეს პროცედურა ისე გართულებულია, რომ ჩვენი გათვლებით, მთავრობის იმპიჩმენტი 231 დღემდე შეიძლება გაიწელოს. საარჩევნო კანონს, მისდამი დიდი ინტერესის გამო, აქამდე ორგანული კანონის კვალიფიკაცია ჰქონდა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებით კი ორგანული კანონი საერთოდ იშლება კანონთა იერარქიიდან, და იგი ჩვეულებრივ კანონს უტოლდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრები კატეგორიულად ვითხოვთ, ორგანული კანონი კანონთა იერარქიაში უცვლელად დარჩეს.

საგანგაშოა ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, შეუძლებელი ხდება საბოლოო სასამართლო აქტების გასაჩივრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მათი კონსტიტუციურობის თაობაზე. ერთ მაგალითს მოვიყვან სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის 2009 წლის ანგარიშიდან, რომელიც ეხებოდა ხონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 14 მსჯავრდადებულის მიმართ; სისხლის სამართლის ეს საქმე 24 ტომად იყო აკინძული და მისი გაცნობისთვის სასამართლომ დაცვას მხოლოდ 25 წუთი გამოუყო, რაც სრული აბსურდია. ბუნებრივია, ასეთ პირობებში წარმართული სასამართლო პროცესის ვერდიქტი უკანონოა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ საქმეს ყველა სასამართლო ინსტანცია გავლილი ჰქონდა, ძალაში უკანონო განაჩენი შევიდა. საქართველოში არ არსებობს მექანიზმი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვისა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით "სახალხო დამცველის შესახებ", სახალხო დამცველს უფლება ჰქონდა უკვე ძალაში შესული განაჩენების გადახედვის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის. დღევანდელი ცვლილებებით კი მას მხოლოდ სასამართლოს მეგობრის ფუნქცია ენიჭება, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხოლოდ წერილობით შეუძლია მიმართოს, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული, განიხილოს მისი შუამდგომლობა!

ამ მტკივნეულ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიაში ცხარე დებატები გაიმართა, ამ საკითხს მხარს უჭერდნენ ავთანდილ დემეტრაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, პროფესორი იაკობ ფუტკარაძე, მაგრამ მიუღებელი აღმოჩნდა "თავისუფლების ინსტიტუტის" ლიდერებისთვის, რომლებმაც გაიტანეს კიდეც თავისი...

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ახალ ეკონომიკურ დოქტრინად "გამალებული პრივატიზაცია" გამოაცხადა... არეგულირებს კონსტიტუცია მიწაზე საკუთრების უფლებას?

- სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიწაზე საკუთრების უფლების საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რისი უგულებელყოფაც დღეს ხელოვნურად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში შესული ცვლილებებით საკუთრების უფლება უკეთ არის დაცული - საკუთრების შეზღუდვა, ჩამორთმევა ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი ანაზღაურებით, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ პრობლემებია მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. ის, რაც ჩვენში ხდება, ძალიან ჰგავს ზიმბაბვეში განვითარებულ მოვლენებს:

2001-2002 წლებში იქ ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება და უცხოეთის მოქალაქეებს მიეცათ უფლება შეუზღუდავად შეეძინათ როგორც არასასოფლო-სამეურნეო, ისე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. რის შედეგადაც ზიმბაბვეს სასოფლო-სამეურნეო მიწების სამი მეოთხედი ამერიკელი ფერმერების ხელში აღმოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობა მათ მოსამსახურედ იქცა.

ამას საპროტესტო აქციები და ფერმერების წინააღმდეგ ძალაუფლების ტალღა მოჰყვა. 2002 წელს, აშშ-ში, გადაცემა "დემოკრატიის 60 წუთში" გამოაჭენეს ზიმბაბვეს პრეზიდენტი მუგაბე და მკაცრად მიუთითეს, რომ მსგავსი ექსცესების განმეორების შემთხვევაში, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებდა თავისი მოქალაქეების დასაცავად...

თუკი ჩვენს კონსტიტუციაში არ იქნება ისეთი ჩანაწერი, როგორიც სომხეთის კონსტიტუციაშია და რომელიც უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს უზღუდავს მიწაზე საკუთრების უფლებას, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, მომავალში საგანგაშო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.

ამიტომ სასოფლო-სამეურნეო  და ტრანსსასაზღვრო ზოლში არსებული მიწები დაცული უნდა იყოს, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხელში არ აღმოჩნდეს. დღეს თუ კანონი უცხოელ მოქალაქეებს არასასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების უფლებას აძლევს, ხვალ, არ არის გამორიცხული, ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზეც გავრცელდეს.

- 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში მიწის პრივატიზების აკრძალვას "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, რომან კუსიანი ითხოვდა, მაგრამ გიგა ბოკერიამ ისინი ფაშიზმში დაადანაშაულა.

- "თავისუფლების ინსტიტუტი" ფსევდოლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტია. რომელ ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი თუკი ქართული სახელმწიფოს არსებობის იდეა დავაყენეთ საფრთხის ქვეშ? საზღვარგარეთ იძულებით გადახვეწილი საქართველოს არაერთი მოქალაქე ითხოვს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას, მაგრამ ბევრს უარს ეუბნებიან, და ეს მაშინ, როცა პარლამენტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოვაციების თანხლებით წარმოგვიდგინა შეერთებული შტატებიდან ემიგრირებული ბაინდერების ოჯახი, რომელმაც საქართველოში შეიძინა უამრავი ქონება და საშუალო ბიზნესი წამოიწყო.

ბაინდერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები ქვეყნიდან ლუკმაპურისთვის წასულ ჩვენს მოქალაქეებს? ვფიქრობ, დამაფიქრებელი და მრავლისმეტყველი ციფრებია:

აჭარაში, ბათუმში უკვე თურქეთის 15 ათასმა და სომხეთის 5 ათასმა მოქალაქემ შეიძინა უძრავი ქონება. ბათუმის ცენტრი "თურქიშ თაუნად" იქცა.

და ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილი საზეიმოდ გვპირდება, რომ ბათუმსა და ფოთს მალე ერთ მუნიციპალიტეტად გადააქცევს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა რამდენიმე წელიწადში 500 ათასს მიაღწევს, საინტერესოა, უცხოელი ინვესტორების ხარჯზე ხომ არ გეგმავს ამ დემოგრაფიულ აფეთქებას?

ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს სინგაპურიზაციისაკენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, ამ პოლიტიკამ სინგაპურს მოუტანა ის, რომ დღეს იქ მკვიდრი მოსახლეობა სულ 16-17 პროცენტიღაა. გვინდა კი, ეროვნულ უმცირესობად ვიქცეთ ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით დაცულ მიწაზე?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე