კონფედერაცია: საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი?

კონფედერაცია: საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი?

მიმდინარე წლის 18 ივლისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობა ჩამოყალიბდესო.

მაშინ ეს განცხადება საზოგადოების დიდმა ნაწილმა მორიგ არარეალურ ინიციატივად აღიქვა. თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ ახალი კონფედერაციის კონტურები საქართველოს პრეზიდენტს ისე ნათლად აქვს წარმოდგენილი, სურს, ახალი პოლიტიკური ერთეულის დედაქალაქად ბათუმი აქციოსო.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ ტექნიკური საკითხები უკვე ჩამოყალიბებულია და ახლა ის დიპლომატიური მოლაპარაკების საგანია.

გასულ კვირასვე თურქულ პრესაში დაიბეჭდა სტატია, სადაც ლაპარაკი იყო კონფედერაციაზე თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შემადგენლობით.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება კონფედერაციის თაობაზე ემოციური და, ასე ვთქვათ, სიტყვას მოყოლილი სულაც არ ყოფილა. "ჩემი აზრით, ეს იყო დიპლომატიური ზონდაჟი, რომელიც საჯაროდ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახმაურდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ თემაზე თბილისი, ანკარა და ბაქო დიდი ხანია კულისებს მიღმა მსჯელობენ.

კონფედერაცია სულაც არ ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის შესუსტებას. კონფედერაციის სუბიექტი სუვერენიტეტს ინარჩუნებს, თუმც უნდა ვთქვათ ისიც, რომ კონფედერაცია და ფედერაცია კარგი ცხოვრების შედეგი არ არის.

რასაკვირველია, სჯობს, არავისზე იყო დამოკიდებული და ისე ცხოვრობდე, როგორც საჭიროდ მიიჩნევ, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან, რისკებიდან და კავკასიაში არსებული პოლიტიკური პასიანსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კონფედერაციის იდეა საფუძვლიან განხილვას იმსახურებს. რუსეთის პოლიტიკური კურსის გამო კონფედერაციის იდეა სულაც არ არის ეგზოტიკური."

თუმცა პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარება ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, თუ ასეთი კონფედერაცია შედგა, ვინმემ თუ იფიქრა სომხეთისა და საქართველოს სამომავალო ურთიერთობაზე?

კახა კაციტაძე, ექსპერტი:

- ამ ინიციატივის სერიოზულ განხილვას არ ვაპირებ. საერთოდაც, ბოლო ხანს, საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესაბამის პოლიტიკურ ანალიზს მხოლოდ ვასიკო ოდიშვილის "ა(მ)ბებში" ვისმენ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ მათზე სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება. რა კონფედერაცია უნდა შედგეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, არ ვიცი.

კონფედერაცია არის რამდენიმე სახელმწიფოსგან შექმნილი ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. არ ვიცი, რა წარმონაქმნი უნდა შევქმნათ ჩვენ და აზერბაიჯანმა, ან ჩვენ და თურქეთმა.

ვამბობთ, - აფხაზეთთან არ უნდა დავუშვათ კონფედერაცია, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო, მაგრამ აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნაზე თანახმა ვართ, რატომ, რა მიზნით?! ეჭვი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტმა, უბრალოდ, დააბრეხვა ლაპარაკის დროს. მაგრამ, როგორც წესი, სასწრაფოდ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ოცგვერდიან ტრაქტატს უძღვნიან პრეზიდენტის ნათქვამ სიბრძნეს. ეს ყველაფერი ბრეჟნევის მმართველობისას უკვე გავიარეთ...

- მაგრამ ეს განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ...

- ჰო, ეს უკვე აშკარად საინტერესოა. ჩემთვის ცნობილია როგორც მინისტრ ვაშაძის, ისე ქალბატონი კალანდაძის კომპეტენცია. რისი თქმა უნდოდა ქალბატონ კალანდაძეს, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. ალბათ უნდოდა ჩვენთვის ეუწყებინა, - ამ თემაზე პრინციპული საკითხები შეთანხმებულია და ახლა ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთო, მაგრამ სხვა რამ თქვა...

თუ კალანდაძეს დავუჯერებთ და ტექნიკური საკითხებიც მოგვარდა, გამოდის, რომ შექმნილა ეს კონფედერაცია და ვერ გაგვიგია. მოკლედ, ამ თემაზე თუ სერიოზულად აპირებს ვინმე ლაპარაკს, იმ ადამიანებს არ მიმართოთ, ვისაც პოლიტიკურ მეცნიერებებთან აქვთ შეხება, სჯობს, დაელაპარაკოთ სამედიცინო მეცნიერებათა წარმომადგენლებს.

ყველას შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკვე ვიყავით კონფედერაციულ ურთიერთობაში სხვა ქვეყნებთან...

- პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ "რუსეთის პოლიტიკური კურსის გამო კონფედერაციის იდეა სულაც არ არის ეგზოტიკური..."

- ამ ქვეყანაში, ვიდრე ეს ხელისუფლება არსებობს, არ დაილევიან ადამიანები, ვინც პრეზიდენტის ნებისმიერი სისულელის "გაპრავებას" შეეცდებიან. ეს არის არასერიოზული პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ყოვლად უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები.

ცნობისათვის

კონფედერაცია ნიშნავს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთ კავშირს, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაცია თვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც სუბიექტი და აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტის ნიშნები, მაგრამ შეზღუდული სახით.

კონფედერაციის ჩამოყალიბება ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კონფედერაციას გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში. ჩვეულებრივ, ეს სფეროებია: ომი და ზავი, საგარეო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები.

შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე საფინანსო პოლიტიკა და ა.შ. გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მისთვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება. კონფედერაცია გარდამავალი ტიპის სახელმწიფოა, ან ფედერაციაში გადაიზრდება ან იშლება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე